ლექსწყობა, ვერსიფიკაცია (ლათ. ლათ. versus — „ლექსი“ და facio — „ვქმნი“) — პოეტური მეტყველების ბგერითი ერთეულების კანონზომიერი თანამიმდევრობითი მოწესრიგებული სისტემა. ამ სისტემის შემსწავლელ პოეტიკის დარგს მეტრიკა ეწოდება. ქართული ლექსის მეცნიერული კვლევის უმთავრეს საკითხად დღემდე რჩება ეროვნული ვერსიფიკაციის (ლექსწყობის) ბუნების დადგენა – სილაბურია ქართული ლექსი, თუ სილაბურ-ტონური.
ადრინდელ მკვლევართა შეხედულება იმის შესახებ, თუ ლექსწყობის რომელ სისტემას მიეკუთვნება ქართული ლექსი, ნათელი ხდებოდა ლექსის რიტმზე, მეტრზე, პროსოდიაზე მსჯელობისას; XIX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები.
პირველი ქართული პოეტიკური ტრაქტატის – „ჭაშნიკის“ (1731) – ავტორი მ. ბარათაშვილი ქართული ლექსის სილაბურობის თეორიის ფუძემდებელია. იგი თვლიდა, რომ ქართული კლასიკური ლექსის სტრუქტურის დასადგენად საჭიროა განისაზღვროს ლექსის სტრიქონის აგებულება, რადგან მარცვალთა თანაფარდობაზე დამყარებულ ლექსწყობაში სტრიქონი ლექსის განმსაზღვრელი ერთეულია. სტრიქონის უმცირეს რიტმულ მონაკვეთად მ. ბარათაშვილი „მუხლს“ მიიჩნევს, მუხლის სიდიდე კი მარცვალთა რაოდენობით არის განსაზღვრული.
ქართული ლექსწყობის მკვლევრის, ა. სილაგაძის აზრით, „სწორი სეგმენტაციის პრობლემის გადასაწყვეტად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ლექსის ტაეპის მართებულ ანალიზს, 3-, 4-, 5- მარცვლედებად მუხლების სეგმენტაციას, რასაც მყარი საფუძველი ჩაუყარა მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკმა“.
სილაბურობის პრინციპზეა დაფუძნებული მ. ბარათაშვილისეული ანალიზი შაირის, გრძელშაირისა და სხვა სალექსო ფორმებისა.
ტერმინები: „მუხლი“, „ტაეპი“ მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკში“ ეფრემ მცირის, ს.-ს. ორბელიანის („მუხლად ითქმის ტაეპი“) გავლენით უნდა გაჩენილიყო. „ტაეპი“ და „მუხლედი“, როგორც ტაეპის ქართული შესატყვისი, კარგად იყო ცნობილი ეფრემ მცირის კომენტარებით: „ტაეპი იგი მუHლედად გამოითარგმნების“. არსებობდა აგრეთვე მოსაზრება, რომ ტერმინი „მუხლი“ მ. ბარათაშვილის „ჭაშნიკში“ დ. კანტემირის რუსულენოვანი სახელმძღვანელოდან (სიტყვა „нога“) უნდა გაჩენილიყო.
ქართული ლექსწყობის სილაბურობის თეორიის განვითარების ქრონოლოგიური ქარგა, მ. ბარათაშვილის შემდეგ, ამგვარად წარმოგვიდგება: იოანე ბატონიშვილი, ანონიმი ავტორი, დავით რექტორი, თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, პ. იოსელიანი, დ. ჩუბინაშვილი, ი. მეუნარგია, ლ. ისარლიშვილი, გ. ყიფშიძე, მ. ჯანაშვილი, ს. ხუნდაძე, ჰ. ფოგტი, ა. ფეოდოროვი, პ. ინგოროყვა, გ. გაჩეჩილაძე, ტ. გუდავა, მ. გასპაროვი, გ. წერეთელი, ა. ხინთიბიძე, ქ. ვივიანი.
ქართული ლექსწყობის სილაბურტონურობის თეორია ე. ბოლხოვიტინოვის წიგნაკიდან „Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ея состаянии“ (1802) იწყება, თუმცა ევგენი მიტროპოლიტმა არც ქართული ენა და ლექსი იცოდა და ვერც ლექსწყობის სისტემებში ერკვეოდა. მიუხედავად ამისა მის თვალსაზრისს დღემდე უკრიტიკოდ იმეორებს ზოგიერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარი.
ქართული ლექსს სილაბურ-ტონურად მიიჩნევენ ნ. გულაკი, ლ. არდაზიანი, კ. დოდაშვილი, მ. კელენჯერიძე, ი. ყიფშიძე, ს. გორგაძე, ა. გაწერელია, პ. ბერაძე, რ. ბერიძე და სხვ.
ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიათა დამცველებს შორის განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპირება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როდესაც გამოქვეყნდა გ. წერეთლის «მეტრი და რითმა „ვეფხისტყაოსანში“» (1973). ამ ნაშრომმა კატეგორიულად უკუაგდო ქართული ლექსის ტერფოვანების თეორია და უარყო მახვილის როლი ქართული ლექსის სეგმენტებისა (მუხლების) და რითმის შექმნაში. გ. წერეთელი „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობს „სილაბურ რეგულირებულ ლექსს“ უწოდებს. გ. წერეთლის ეს თვალსაზრისი გააკრიტიკა ა. გაწერელიამ ნაშრომში «„ვეფხისტყაოსნის“ პოეტიკის ზოგიერთი საკითხი» (1974). ავტორი იცავს მოსაზრებას ქართული ლექსის სილაბურტონურობის თაობაზე.
თანამედროვე ქართველი ენათმეცნიერები აცხადებენ, რომ ქართული ლექსი განსხვავდება როგორც სილაბურ-ტონური (რუსული, ინგლისური), ასევე სილაბური (ფრანგული) ლექსისაგან, რომლებშიც სარითმო მონაკვეთი (კლაუზულა) მახვილიანი ხმოვნით არის შემოსაზღვრული.
აღსანიშნავია ა. სილაგაძის აზრი ამ საკითხზე. მას მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ქართული ლექსწყობის სისტემა ოთხი ცნობილი სისტემიდან რომელიმეს ეკუთვნოდეს: „ქართული ლექსი, შეიძლება, არც სილაბური იყოს, არც სილაბურ-აქცენტური (აგრეთვე, არც მეტრული, ან ტონური!), იგი შეიძლება ორიგინალური ბუნებისა იყოს.
ქართული ლექსის სილაბურობას XX საუკუნის 70-იანი წლების II ნახევრიდან დაბეჯითებით იცავდა ა. ხინთიბიძე, რომელიც არგუმენტირებულად ასაბუთებდა, რომ ქართული ლექსი არ არის სილაბურ-ტონური. მისი აზრით, სილაბურობა ქართული ლექსის საყრდენია და ტრადიციული, ეროვნული ვერსიფიკაცია, თანამედროვე ლექსთან ერთად, ამ პრინციპს იცავს.
ლიტერატურა
- ბეზარაშვილი ქ. ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე, თბ., 2011;
- გაწერელია ა., ქართული ლექსწყობა. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები, თბ., 1995;
- კობაიძე მ., რითმა და მახვილი ქართულ დიალექტებში (შენიშვნები ქართული ლექსწყობის ბუნების შესახებ), „წახნაგი“, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, 2010, №2;
- სილაგაძე ა., ქართული ლექსის კვალიფიკაციის საკითხი. ლექსმცოდნეობა. I, თბ., 2008;
- სილაგაძე ა., მეგრული ლექსი, თბ., 2012;
- სილაგაძე ა., „ვეფხისტყაოსნის“ ლექსი და მისი ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, თბ., 2013;
- ხინთიბიძე ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია, თბ., 2009.
რესურსები ინტერნეტში
- ლექსწყობა დაარქივებული 2023-12-11 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.