Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეიფ ერიქსონი (ისლ. Leifur Eiriksson; დ. დაახლ. 970 — გ. დაახლ. 1020) — სკანდინავიელი მეზღვაური და გრენლანდიის მმართველი. გრენლანდიის აღმომჩენი ვიკინგის ერიკ წითურის შვილი და თორვალდ ალვალდსონის შვილიშვილი. შესაძლოა იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ქრისტეფორე კოლუმბამდე ხუთი საუკუნით ადრე ფეხი დადგა ჩრდილოეთ ამერიკაში.
ლეიფ ერიქსონის ლაშქრობების შესახებ ცნობილი გახდა ისეთი მანუსკრიპტებით, როგორიცაა: „საგა ერიკ წითურზე“ და „გრელანდიელების საგა“. მათი სანდოობა დაადასტურა XX საუკუნის განმავლობაში ამერიკაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა.
ლეიფ ერიქსონი დაიბადა ისლანდიაში, ნორვეგიული წარმოშობის ისლანდიელი ვიკინგის ერიკ წითურის ოჯახში. 982 წელს ერიკ წითურის ოჯახი იძულებული იყო მიეტოვებინა ისლანდია და დასახლებულიყვნენ გრენლანდიაში დაარსებულ ახალ კოლონიაში. ლეიფ ერიქსონს ჰყავდა ორი ძმა, თორვალდი და თორსტეინი და ერთი და – ფრეიდისი. დაქორწინებული იყო თორგუნზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი თორკელ ლეიფსსონი.
სანამ საზღვაო ლაშქრობას დაიწყებდა, მოაწყო სავაჭრო ექსპედიცია ნორვეგიაში. ნორვეგიიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა ბიარნი ჰერიუფსსონს, რომელმაც უამბო, რომ დასავლეთით ცურვისას შეამჩნია ხმელეთის ნაწილის კონტურები. ლეიფი დაინტერესდა ამ ინფორმაციით და გადაწყვიტა შეესწავლა ახალი მიწა.
დაახლოებით 1000 წელს ლეიფ ერიქსონმა 35 ადამიანთან ერთად დაიწყო საზღვაო ლაშქრობა ახალი მიწისაკენ. მათ აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს სამი რეგიონი ჰელულანდი (სავარაუდოდ ბაფინის მიწა), მარკლანდი (სავარაუდოდ ლაბრადორი) და ვინლანდი (სავარაუდოდ ნიუფაუნდლენდის სანაპიროები, დღევანდელი ლ’ანს-ო-მედოუზიის მახლობლად), რომელსაც სახელი უწოდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვენახის დიდი პლანტაციების არსებობის მიხედვით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.