From Wikipedia, the free encyclopedia
ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუს ანტონინუსი (ლათ. Lucius Aelius Aurelius Commodus Antoninus; დ. 31 აგვისტო, 161, ლანუვიუმი — გ. 31 დეკემბერი, 192, რომი) — რომის იმპერატორი 180 წლიდან საკუთარ მკვლელობამდე. მარკუს ავრელიუსის ვაჟი და თანამმართველი (177 წლიდან), ანტონინების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.
კომოდუსი | |
---|---|
Lucius Aelius Aurelius Commodus Antoninus | |
კომოდუსის, როგორც ჰერაკლეს ქანდაკება (კაპიტოლიუმის მუზეუმები) | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 მარტი, 180 |
მმართ. დასასრული: | 31 დეკემბერი, 192 (12 წელი) |
წინამორბედი: | მარკუს ავრელიუსი |
მემკვიდრე: | პერტინაქსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო, 161 |
დაბ. ადგილი: | რომი, იატლია |
გარდ. თარიღი: | 31 დეკემბერი, 192 (31 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
მეუღლე: | ბრუტია კრისპინა |
დინასტია: | ანტონინუსების დინასტია |
მამა: | მარკუს ავრელიუსი |
დედა: | ფაუსტინა უმცროსი |
176 წელს მარკუს ავრელიუსმა კომოდუსი თანამმართველად დანიშნა. მამის გარდაცვალების დროს იგი 19 წლის იყო, თანამედროვეები იცნობდნენ როგორც არასერიოზულ ახალგაზრდას.
კომოდუსის მმართველობიდან იწყება რომის იმპერიის დასუსტების ხანა. კომოდუსმა ანტონინუსების დინასტიის ღირსეულ წარმომადგენელთა მიერ აგებული ქვეყანა ნანგრევებად აქცია. იგი ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა იმპერატორის წინაშე მდგარ მოთხოვნებს და, გონივრული ქმედებების ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებდა ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პრობლემებზე.
კომოდუსი იმპერატორი გახდა მარკომანებთან ომის დროს. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საომარი ოპერაციის სწრაფად დამთავრება და რომში დაბრუნება, ამიტომ საზავო მოლაპარაკებების დროს კლავდებთან და მარკომანებთან სერიოზულ დათმობაზე წავიდა.
კომოდუსი წყაროებში მეტად უარყოფითი ფერებით არის დახასიათებული: თავაშვებული, მოდუნებული, ქარაფშუტა. თანამედროვეთა მოწმობით, იგი რომის იმპერატორებიდან ყველაზე ლამაზი და ზარმაცი იყო. მარკომანების ომიდან რომში დაბრუნებული, გადაეშვა ნეტარების აუზში, საქვეყნო საქმეები გადააბარა თავის ფავორიტებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით წარმართავდნენ რთულ და მარტივ საკითხებს. საერთოდ გაწყვიტა კავშირი ანტონინუსების დინასტიის სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან და მიზანდ ისახავდა საკუთარი პიროვნების განდიდებას. ქვეშევრდომებისგან მოთხოვდა მონურ მორჩილებას და ღვთაებრივ თაყვანისცემას, თავს უწოდებდა ახალ ჰერაკლეს, საერთოდ ანტონინუსების დინასტიაში ჰერაკლეს კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კომოდუსისთვის ჰერაკლე ეს იყო განუსაზღვრელი უფლებამოსლიებით აღჭურვილი მონარქის სახება. რომის იმპერია დაიფარა ჰერაკლეს ქანდაკებებით. რომში შეიქმნა ახალი ღმერთისმსახურების ქურუმთა კოლეგია.
კომოდუსის თვითნებურ ბატონობას რომში თავიდანვე მტრულად შეხვდნენ. 183 წლით თარიღდება იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი მეუღლე და და. შეთქმულების მონაწილეები უმკაცრესად დაისაჯნენ, რასაც მოჰყვა ფართო მასშტაბის რეპრესიები. არისტოკრატიაზე გამწყრალმა იმპერატორმა ორიენტაცია არმიასა და რომის ბრბოზე აიღო. გაუზარდა ხელფასები პრეტორიანელებს. იმპერატორის პოლიტიკას მოჰყვა კატასტროფული შედეგი, არმიაში დაეცა დისციპლინა. 185 წელს არმიაში დაიწყო ბუნტი. კომოდუსი იძულებული გახდა, აჯანყებული ჯარისკაცებითვის გადაეცა თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის დასაყრდენი, პრეტორიანლეთა გვარდიის პრეფექტი პერენესი. მის ნაცვლად პრეფექტად დაინიშნა ლიბერტინი კლეანდრე, რომელიც საერთო სიძულვილით სარგებლობდა გამომძალველობისა და ძალადობის გამო.
კომოდუსის მმართველობისას არეული იყო საშინაო მდგომარეობა. იმპერიაში დათარეშობდნენ ყაჩაღთა დაჯგუფებები. 187 წელს ყოფილმა ჯარისკაცმა მატერნმა შეადგინა არმია გაქცეული მონებისა და დეზერტირებისგან. აჯანყებულები ესპანეთსაც მისწვდნენ. მატერნის ლოზუნგი იყო ყველა დაჩაგრულის დაცვა. ანგრევდნენ საპყრობილეებს და ათავისუფლებდნენ პატიმრებს. ფართო გამოხმაურების მიუხედავად, მოძრაობა დამარცხდა, მაგრამ მისმა მეთაურმა შეიმუშავა გაბედული გეგმა — თანამებრძოლთა ჯგუფთან ერთად შევიდა რომში, რათა მოეკლა კომოდუსი. შეთქმულება მარცხით დასრულდა, მაგრამ ახალ ტერორს დაუდო სათავე.
კომოდუსის ინტერესების სფერო საოცრად შეზღუდული იყო. მისი უგუნურების დამადასტურებელი იყო ზომასგადასული სიყვარული გლადიატორული ბრძოლებისადმი. იმპერატორი აქტიურად იყო ჩართული ბრძოლებში, როგორც გლადიატორი. საამისოდ გლადიატორთა ყაზარმაშიც კი გადავიდა საცხოვრებლად.
კომოდუსს მმართველობის ბოლოს განდიდების მანია გაუმწვავდა (რომს სახელი შეუცვალა და კოლონია-კომოდიანა უწოდა, წელიწადის თვეებს თავისი სახელები დაარქვა, საკუთარი თავი იუპიტერის შვილად გამოაცხადა). კომოდუსის სიგიჟეთა ატანა შეუძლებელი გახდა. დაიბადა ახალი შეთქმულების იდეა, რომელსაც მეთაურობდა პრეტორიანლეთა პრეფექტი ემილიუს ლეტა და იმპერატორის ერთ-ერთი საყვარელი. 193 წელს შეთქმულებმა გლადიატორის სამოსში მორთული კომოდუსი ყაზარმაში მოკლეს. მისი სიკვდილით დამთავრდა ანტონინუსების დინასტიის ისტორია. რომის სენატმა კომოდუსი გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მტრად გამოაცხადა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.