From Wikipedia, the free encyclopedia
კალეჯიკის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, არაკლიდან ტრაპიზონისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, ქალაქის გასასვლელში. იგი ბათუმიდან 109 მილითაა დაშორებული. ციხე კალეჯიკის და იალიბოიუს შესაყარზე, ზღვისკენ წინ წაზიდულ ნახევარკუნძულისებრ კონცხზეა დაშენებული და ზედ ზღვას გადაჰყურებს.
მას ადგილობრივი მოსახლეობა კალეჯიკ-კალეს, ზოგჯერ ჯიქოს ან ახჩაკალეს ციხესაც ეძახიან. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება საკუთრივ კონცხის კონფიგურაცია. მას სამ მხრივ (აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით) ზღვა აკრავს. მისგან, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მთის ქედები საკმაოდ ღრმად შედის ზღვაში და ციხის მონაკვეთში კარგა მოზრდილ მანძილზე ქმნის ყურეს, რომელიც საკმაოდ ხელსაყრელი ჩანს ნავსადგურისათვის. საინტერესოა ისიც, რომ კლდე რომელზეც ციხეა დაშენებული ჩრდილო-დასავლეთით სოლივით ზღვაშია შეჭრილი. მისი აღმოსავლეთი და დასავლეთი მხარეები მაღლივი, ბუნებრივი ფრიალო კლდის შვერილებითაა ამოზიდული. მათ შორის საკმაოდ დიდ სივრცეში გემთსაყუდელია გამართული. აქა-იქ არსებული შედარებით სუსტად დაცული ადგილები საკმაოდ მტკიცე ამოშენებული კედლებითაა გამაგრებული. შვერილებს შორისი შუა სივრცე შიგნითაა შეწეული და ქმნის ყურეს, რომელიც საკმაოდ ხელსაყრელი ჩანს გემების უშუალოდ მიუვალ და კარგად დაცულ-გამაგრებულ კლდოვან მასაზე მიყენებისათვის. კლდოვან შვერილებს შორის ყურედან კი შეიძლებოდა უშუალოდ ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება. საინტერესოა ისიც, რომ ძირში ნავსაყუდელის გვერდით კლდეებზე დღემდეა შემორჩენილ ხელოვნურად ნაგები გრძივი კედლების ნაშთები. ეს ტერიტორია ციხით, რელიეფითა და ხელოვნურად ნაგები გრძივი კედლებით ქარებისაგან დაცული ჩანს. ფიქრობენ რომ, ციხის მშენებლებს ბუნებრივად არსებული შესაძლებლობები და მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ზოგიერთი დამატებითი კედლებით, შეუქმნიათ საკმაოდ საინტერესოდ გამართული მისადგომი.
რაც შეეხება საკუთრივ ციხეს, მისი გალავნის კედლების დიდი ნაწილი თითქმის საძირკვლის დონემდეა მონგრეული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით დაახლოებით შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ მის გეგმაზე. ნაგებობის გეგმას კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. შემორჩენილია ციტადელი, რომელიც ბუნებრივ ბორცვზეა მორგებული და მთელს შემოგარენს და ზღვის დიდ აკვატორიას აკონტროლებს. ციხის ამ მონაკვეთში აქა-იქ შემორჩენილია კედლის წყობები. ჩანს, რომ ბორცვის წვერი, რომელიც საკმაოდ დიდ ფართს მოიცავს საგულდაგულოდ ყოფილა თავის დროზე გამაგრებული. ციხის ამ ნაწილის კედლებში ჩართული იყო კოშკები. ციხის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში არსებული კოშკის გეგმაც კი იკითხება. იგი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. დღემდე შემორჩენილია საძირკვლის ზემოთ ქვის წყობის ორი რიგი. წყობა თარაზულია. გამოყენებულია საკმაოდ კარგად დამუშავებული ქვის კვადრები. ამ კოშკის ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ბუნებრივად შედარებით ნაკლებად დაცული სამხრეთი მხარის გაკონტროლება. აქედან ასევე შესანიშნავად მოჩანს მთელი სივრცე ოთხივე მხრივ. ასეთივე კოშკის საძირკვლის დონემდე დანგრეული ნაშთებიღაა შემორჩენილი ციხის ამ მონაკვეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშიც.
საკმაოდ კარგადაა შემონახული ციტადელის სამხრეთი კედელი თითქმის მთელს სიგრძეზეც. შემორჩენილი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე 2,5-2,7 მეტრია. კედლის სისქე 80 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე. მტერი ციხის შიდა ტერიტორიაზეც რომ მოხვედრილიყო, ციხის ცენტრალურ ნაწილში მისი შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. ციხეს, როგორც შემონახული ნაშთების მიხედვით დასტურდება, საკმაოდ კარგად გამართული გალავნის კედლებიც ჰქონდა. დღემდე კარგადაა დაცული სამხრეთ-აღმოსავლეთით მთელ სიგრძეზე არსებული გალავნის დიდი ნაწილი. ადგილობრივთა გადმოცემით, ციხეს ასეთივე გალავანი გარს ერტყა სამხრეთითაც, რომელიც ბუნებრივად ყველაზე სუსტად დაცული ტერიტორია იყო. კედელი ცენტრალური გზის გაყვანა-გაფართოებისას დაუნგრევიათ.რაც შეეხება დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეებს, ისინი ისედაც ბუნებრივად მიუვალია, მაგრამ ციხის მშენებლებს, მიუხედავად ამისა კლდოვან შვერილებს შორის არსებული შედარებით დაბალი ადგილები თუ შუალედური სივრცეები საკმაოდ მყარი და სქელი კედლებით შეუვსიათ და გაუმაგრებიათ. დღემდე გადარჩენილი გალავნის აღმოსავლეთინკედლის მაქსიმალური სიმაღლე 5,5 მეტრს აღწევს. დაცული სიგრძე კი 28-30 მეტრია. წყობა თარაზულია. გამოყენებულია ბაზალტისა თუ თირი ქვის, საკმაოდ კარგად დამუშავებული ნიმუშები და მოთეთრო ფერის დუღაბის თხელი ფენა. აქ არის სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმის, მათ შორის სინოპური ამფორის ფრაგმენტები და სოლენის ტიპის კრამიტის ნატეხები. როგორც ჩანს, ციხე ფუნქციონირებას იწყებს საკმაოდ ადრეული პერიოდიდან და აგრძელებს არსებობას ადრებიზანტიურ ეპოქასა თუ ომდევნო ხანებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.