Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კაზიმირ სევერინოვიჩ მალევიჩი (რუს. Казимир Северинович Малевич; დ. 23 თებერვალი, 1879 — გ. 15 მაისი, 1935) — მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე,.[2] გეომეტრიული აბსტრაქტული ხელოვნების პიონერი და რუსული ავანგარდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.
კაზიმირ მალევიჩი | |
---|---|
დაიბადა | 23 თებერვალი, 1879 |
დაბადების ადგილი | კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 15 მაისი, 1935 (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლენინგრადი, სსრკ |
ეროვნება | რუსი |
მიმდინარეობა | სუპრემატიზმი |
ჟანრი | სცენოგრაფია, ფერწერა, აბსტრაქციონიზმი[1] , ნატურმორტი[1] და ფიგურატივიზმი[1] |
დაიბადა კიევში, უკრაინა. მისი მშობლები სევერინი და ლუდვიკა მალევიჩები, კათოლიკე პოლონელ-ბელორუსები იყვნენ. შესაბამისად კაზიმირი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს. მამამისი შაქრის ჭარხლის ქარხნის დირექტორი იყო. კაზიმირი უფროსი იყო თოთხმეტ შვილთაგან, თუმცა მხოლოდ ცხრა მათგანმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს. მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და კაზიმირმა ბავშვობის მეტი წილი უკრაინის სოფლებში გაატარა შაქრის ჭარხლის პლანტაციებთან, კულტურისგან მოშორებით. 13 წლის ასაკამდე მან ცოტა რამ თუ იცოდა პროფესიონალ მხატვრებზე, თუმცა ბავშვობიდან მის გარშემო გლეხთა შემოქმედებას ეცნობოდა. განსაკუთრებით იტაცებდა გლეხური ნაქარგები, კედლებისა და ღუმელების მოხატულობა და დეკორაციები. ამ პერიოდში ის თავადაც ცდილობს გლეხურ სტილში ხატვას. 1895-96 წლებში ის კიევის სკოლაში სწავლობს ფერწერას.
1904 წელს მამის სიკვდილის შემდეგ კაზიმირი მოსკოვში გადადის. 1904-10 წლებში მოსკოვის ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სკოლაში სწავლობდა ფიოდორ რერბერგის სტუდიაში. 1911 წელს მონაწილეობა მიიღო გაერთიანება სოიუზ მოლოდიოჟის (ახალგაზრდობის კავშირი) მეორე გამოფენაში სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ ტატლინთან ერთად, ხოლო 1912 წელს ამავე ჯგუფის მესამე გამოფენაში ალექსანდრა ეკსტერთან, ტატლინთან და სხვებთან ერთად. იმავე წელს მონაწილეობს მოსკოვში კოლექტივი „ვირის კუდის“ გამოფენაში. 1914 წელს მალევიჩს საკუთარი ნამუშევრები გამოაქვს პარიზში „დამოუკიდებელთა სალონში“ (Salon des Independants) ალექსანდრ არხიპენკოს, სონია დელონს, ალეკსანდრა ეკსტერსა და ვადიმ მელერთან ერთად. 1915 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი „კუბიზმიდან სუპრემატიზმამდე“. 1915-16 წლებში მუშაობს სხვა სუპრემატისტ მხატვრებთან ერთად გლეხ/ხელოსანთა კოოპერატივში სკოპცისა და ვერბოვკას სოფლებში. 1916-17 წლებში მონაწილეობს ჯგუფ „ბუბნოვი ვალეტის“ გამოფენაში მოსკოვში ნათან ალტმანთან, დავიდ ბურლიუკთან და ა. ეკსტერთან ერთად.
სხვადასხვა მოდერნისტულ სტილში ექსპერიმენტების შემდეგ, კუბიზმისა და ფუტურიზმის ჩათვლით, რაც გამოიხატა მის კოსტიუმებსა და სცენურ დეკორაციებში კუბო-ფუტურისტულ ოპერაში „მზეზე გამარჯვება“, მალევიჩი იწყებს მუშაობას აბსტრაქტულ, არაობიექტივისტურ გეომეტრიულ ფომრებში, აფუძნებს რა მოძრაობას, რომელსაც სუპრემატიზმს უწოდებს. მისი სუპრემატისტული ნამუშევრებიდან ყველაზე განთქმულია „შავი კვადრატი“ (1915) და „თეთრი თეთზე“ (1918).
მალევიჩი ასევე ნარკომპროსის ხელოვნების კოლეგიის, ძეგლთა დაცვისა და მუზეუმთა კომისიების (1918-19) წევრი იყო. ასწავლიდა ვიტებსკის პრაქტიკული ხელოვნების სკოლაში (ბელარუსი, 1919-22), ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში (1922-27), კიევის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტში (1927-29), და ლენინგრადის ხელოვნების სახლში (1930).
1927 წელს მოგზაურობს ვარშავაში, შემდეგ გერმანიაში რეტროსპექციისთვის, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, სადაც მთელი თავისი ნახატების კოლექცია დატოვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე. როცა სტალინისტურმა რეჟიმმა მოდერნისტული ხელოვნება ბურჟუაზიულად გამოაცხადა, მალევიჩის დევნა დაიწყო. მრავალი მისი ნამუშევარი კონფისკირებული და განადგურებულ იქნა. საბოლოოდ ის სიღარებეში მივიწყებული გარდაიცვალა ლენინგრადში.
მალევიჩის ნამუშევრები რუსეთში ხელოვნების გამოფენებზე მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა დიდი პაუზის შემდეგ. მას შემდეგ ხელოვნების მიმდევრები ცდილობენ ხელახლა გააცნონ ეს ხელოვანი რუს ფერწერის მოყვარულებს. 2006 წელს დ. გორბაჩოვის მიერ გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში „მალევიჩი და უკრაინა“ შეტანილია მრავალი მანამდე უცნობი დეტალი მხატვრის ცხოვრებიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.