From Wikipedia, the free encyclopedia
კაბა — ზედა სამოსის ერთ-ერთი გავრცელებული სახე. გამოირჩევა გრძელი ქვედა ნაწილით, რომელიც ფარავს ტანსა და ფეხების ზედა ნაწილს. წარსულში ცნობილი იყო მამაკაცისა და ქალის კაბები, მაგრამ დროთა განმავლობაში კაბა ძირითადად ქალის ჩაცმულობის ელემენტად იქცა.
ტერმინი „კაბა“//„ყაბა“ (არაბ.) ორივე სქესის ზედა სამოსის აღმნიშვნელ სიტყვად გვევლინება[1]. მისი გავრცელების არე მისდევს ჯუბის გავრცელების საზღვრებს. ადგილობრივ პირობებთან შედარებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაირი ფორმის კაბა შეიქმნა მკერდდახშული, ჩაღილული (სირია, ბაღდადი, არაბეთი, სომხეთი), გულზე საყელო გადაფენილი და ჩიხორ განიერი (სპარსეთი), მკლავებზე აკეცილი, ვიწრო და გრძელი სახელოებით (სპარსეთი), ვიწრო სახელოებიანი (ეგვიპტე), ენიანი ანუ ყურჯთმაჯიანი (საქართველო), ყელ-კისერ ამოჭრილი (სირია, ერაყი, სომხეთი), მკერდღია და გულისპირიანი (საქართველო)[2] და ა. შ. მათი მოხმარებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, კაბა დამკვიდრდა სპარსეთსა და საქართველოში, ჯუბა კი ცენტრალური აზიის ქვეყნების მცხოვრებთა ნაციონალურ სამოსად იქცა[3]. ქართული სინამდვილითაც დასტურდბა, რომ საქართველოში კაბა ორივე სქესის ჩასაცმელი ყოფილა: „გამოვიდა იგი კაბითა. ცხენსა ჯდა... გამიკვირდა, აბჯრისა ტანსა არა ცმა“ („ამირან დარეჯანიანი“, 87, 15); „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“ („ვეფხისტყაოსანი“, 85, 1); „კაბა ისპაჰანის დიბისა ყვითელი და პატიოსანი“ (საქართველოს სიძველენი, მზითვის წიგნი, ტ. III, 486, 19); „კაბის ღილი ათი მურასა, ორასის იაგუნდითა“ (საქართველოს სიძველენი, მზითვის წიგნი, ტ. II, 432, 5); „ქვეყანა გამწვანებულა, ბევრი ათასი ფერი ყვავილი მიწისაგან ამოსულა. მთამან ბერძნულისა ოქსინოისა კაბა შეიკერა“ („ვისრამიანი“, 1938, 86).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.