From Wikipedia, the free encyclopedia
ისაბელა (ოფიციალურად ქალაქი ისაბელა; ტაგალ. Lungsod ng Isabela) ― მეოთხე კლასის შემადგენელი ქალაქი და ბასილანის დე-ფაქტო დედაქალაქი. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 130 379 ადამიანს შეადგენს.
ისაბელა | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 6°42′00″ ჩ. გ. 121°58′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1848 |
ფართობი | 223.73 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 96 მეტრი |
მოსახლეობა | 130 379 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 62 |
საფოსტო ინდექსი | 7300 |
ოფიციალური საიტი | https://www.isabelacity.gov.ph/ |
ლუსონზე მდებარე ისაბელას პროვინციისგან განსხვავებისთვის ქალაქს ხშირად ისაბელა-დე-ბასილანს უწოდებენ.
კუნძულოვანი პროვინცია ისაბელა მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში შედის, თუმცა ისაბელა, რომელიც წარსულში პროვინციის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა, რეგიონის შემადგენლობაში არ შედის. ისაბელა ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონის იურისდიქციის ქვეშაა. ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო სტატისტიკური მიზნით, ისაბელას ბასილანისგან დამოუკიდებლად აჯგუფებს. პროვინციის დედაქალაქი ლამიტანშია გადატანილი.
1840 წლამდე ესპანეთის კოლონიური ინტერესები განსაკუთრებით დასავლეთ მინდანაოზე, სულუს სასულთნოს ტერიტორიებზე ფოკუსირდებოდა. ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები და ამერიკელბიც დაინტერესებული იყვნენ მდიდარი კუნძულებით.
1843 წელს საფრანგეთის საგაერო მინისტრმა, ფრანსუა გიიომ ვიეტნამისკენ ადმირალ სესილისა და კაპიტან ჩარნერის ხელმძღვანელობით ფლოტი გაგზავნა.[2] ვიეტნამში საფრანგეთის ინტერვენცია 1842 წელს ჩინეთში ბრიტანელების წარმატების საპასუხო ნაბიჯი იყო.[3] ფლოტმა კუნძულ ბასილანის დაკავებაც სცადა, ჰონგ-კონგის მსგავსი ბაზის შესაქმნელად, მაგრამ ფრანგების მცდელობას ესპანელთა ძლიერი ოპოზიცია მოჰყვა, რომლებიც კუნძულს ფილიპინების ნაწილად თვლიდნენ.[4]
1898 წელს კუნძული ბასილანი სამ რაიონად იყოფოდა: ესპანელების მიერ კონტროლირებად ქალაქ ისაბელად და ლამიტანად და ტაუსუგების სავაჭრო ცენტრად მალუსოში.
1898 წლის პარიზის ზავით ესპანეთმა ფილიპინების კუნძულები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუთმო, რის შემდეგაც ესპანეთ-ამერიკის ომი დასრულდა. 1899 წელს ამერიკელთა მიერ ფილიპინების ჩრდილოეთ კუნძულების ოკუპაციის შემდეგ ესპანურმა გარნიზონებმა ზამბოანგისკენ და ხოლოსკენ დაიხიეს.
1899 წლის 8 დეკემბერს ამერიკულმა ჯარებმა ზამბოანგის ესპანური გარნიზონები დაამარცხეს. იმავე წელს ამერიკელბმა ჯეიმზ ს. პეტიტის ხელმძღვანელობით ისაბელას საზღვაო-სამხედრო ბაზა დაიკავეს.
პოლიტიკურად, ბასილანი მოროს პროვინციის (1899-1914) ნაწილი გახდა. 1914-1920 წლებში ბასილანი მინდანაოსა და სულუს განყოფილების ნაწილი იყო, 1920-1936 წლებში კი ზამბოანგის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა.
1972 წლის 21 სექტემბერს, პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის დეკლარაციის მიხედვით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მომდევნო წლის 27 დეკემბერს პრეზიდენტმა №356 საპრეზიდენტო დეკრეტი გამოსცა, რომლის თანახმადაც „მთავრობის ყურადღების უზრუნველსაყოფად და განვითარების ხელშესაწყობად“ ქალაქი ბასილანი პროვინციად გადაკეთდა. 1974 წლის 2 დეკემბერს №593 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად №356 საპრეზიდენტო დეკრეტში ცვლილებები შევიდა და პროვინციის დედაქალაქად ისაბელას მუნიციპალიტეტი გამოცხადდა. იმავე დეკრეტის მიხედვით ბასილანის პროვინციაში ათი მუნიციპალიტეტი შეიქმნა.
№9023 რესპუბლიკური აქტის საფუძველზე და 2001 წლის 25 აპრილს ქალაქის მოსახლეობის მიერ რატიფიცირების შემდეგ ისაბელას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. იმავე წლის ნოემბერში ისაბელას მოსახლეობამ მუსლიმური მინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა და ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონის იურისდიქციის ქვეშ დარჩა.
ისაბელა კუნძულ ბასილანის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ბასილანის სრუტის გასწვრივ. სრუტის ჩრდილოეთით ქალაქი ზამბოანგა მდებარეობს. ქალაქის იურისდიქციის ქვეშაა კუნძული მალამავიც.
ქალაქი ისაბელა არარეგულარული რელიეფით ხასიათდება. 60%-იანი დახრილობის რელიეფი კუნძულ ბასილანზე მენსის, ბუსაის, პანუნსულანის, კალვარიოს, კაპაიავანისა და კაპატაგანის ბარანგაებში, ხოლო კუნძულ მალამავიზე პანიგაიანისა და სანტა-ბარბარას ბარანგაებში გვხვდება.
ქალაქი პოლიტიკურად 45 ბარანგაიდ იყოფა. პობლასიონები გამუქებულია: აგვანდა (5,150), ბალატანაი (530), ბალუნო (2,329), ბეგანგი (2,729), ბინუანგანი (1,705), ბუსაი (1,387), კაბუნბატა (3,054), კალვარიო (1,348), კარბონი (2,574), დიკი (3,256), აღმოსავლეთი ისაბელა (2,967), ისაბელა (1,040), დონა რამონა ტ. ალანო (980), კაპატაგან-გრანდე (877), კაუმპურნას I ზონა (3,167), კაუმპურნას II ზონა (3,100), კაუმპურნას III ზონა (2,234), კაპაიავანი (905), კუმალარანგი (847), ლა-პიედადი (2,131), ლამპინიგანი (1,325), ლანოტე (3,068), ლუკბუტონი(1,536), ლუმბანგი (1,746), მაკირია (385), მალიგე(1,928), მარანგ-მარანგი (1,465), Marketsite (3,577), მასულა (1,430), მენსი (3,823), პანიგაიანი (2,374), პანუნსულანი (1,305), პორტის ტერიტორია (1,125), მდინარის ნაპირი (1,912), სან-რაფაელი (4,460), სანტა-ბარბარა (1,203), სანტა-კრუსი (1,139), ზღვის ნაპირი (603), პატარა კაპატაგანი (513), სუმაგდანგი (5,963), ალიონის სოფელი (2,873), ტაბივანი (1,522), ტაბუკი (5,346), ტამპალანი (3,825) და ტიმპული (1,101).
ფილიპინების ატმოსფერული გეოფიზიკური და ასტრონომიული სერვისების ადმინისტრაციის კორონასის კლიმატის კლასიფიკაციით, ისაბელა III ტიპის კლიმატურ ზონაშია მოქცეული. წვიმების პერიოდი არ არის გამოხატული, ხოლო მშრალი სეზონი 1-დან 3 თვემდე გრძელდება.[5]
2020 წლის აღწერით, ისაბელას მოსახლეობა 130 379 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობის მშობლიური ენა ჩავაკანოა. ნაწილი სებუანურ, ტაუსუგისა და იაკანურ ენებზე საუბრობს. ფართოდ გამოიყენება ტაგალური და ინგლისური ენა.
ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით (2015), ისაბელას მოსახლეობის 64% სუნიტი მუსლიმანია.[6] ისლამს ძირითადად ტაუსუგები და იაკანები მიეკუთვნებიან. მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი რელიგიებისა და სექტების მიმდევარია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.