From Wikipedia, the free encyclopedia
თამარ გრიგოლის ასული აბაკელია (დ. 19 აგვისტო (1 სექტემბერი), 1905, დაბა ხონი — გ. 14 მაისი, 1953, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942).
თამარ აბაკელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო (1 სექტემბერი), 1905 ან 1 სექტემბერი, 1905[1] |
დაბადების ადგილი | ხონი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 14 მაისი, 1953[2] [1] (47 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, სსრკ[2] [1] |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მოქანდაკე[1] , გრაფიკოსი და სცენოგრაფი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია[1] |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის (ქანდაკება), ე. ლანსერესა და ი. შარლემანის (გრაფიკა) მოწაფე. 1938 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო „სარმას“ წევრი. აბაკელიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (5 კომპოზიცია): „ბათუმის დემონსტრაცია“, „ოქტომბერი საქართველოში“, „საქართველოს ინდუსტრია“, „სოფლის მეურნეობა საქართველოში“ და „ბედნიერი ცხოვრება“ (ქვა, 1936-1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი; ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია „შურს ვიძიებთ!“ (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „იმერელი ბიჭი“ (1928), „ბროწეულის კრეფა“ (1930), „ბედნიერი ოჯახი“ (1936), „რთველი“ (1946, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა „ვეფხისტყაოსანი“ (1930-იანი წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მისი დეკორატიული-სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიკულ განწყობილებას ქმნის. მასვე ეკუთვნის „დავით სასუნცის“ (1939) და ვაჟა-ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ (1945), კ. კალაძის „ლალი“ (1945, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი); კინოფილმები: „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1941-1942), „დავით გურამიშვილი“ (1945). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.