Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილჰელმ სტეინიცი (დ. 17 მაისი, 1837, პრაღა — გ. 12 აგვისტო, 1900, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი მოჭადრაკე, პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში (1886–1894).
ვილჰელმ სტეინიცი | |
ქვეყანა (სპორტი) |
ბოჰემიის სამეფო (ავსტრიის იმპერია) აშშ |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1837 |
დაბადების ადგილი | პრაღა |
გარდაცვალების თარიღი | 12 აგვისტო, 1900 |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
ჯილდოები და პრემიები | world chess champion |
დაიბადა ღარიბ ებრაულ ოჯახში, რომელიც ცხოვრობდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. მამამისი მუშაობდა რკინა-კავეულის მაღაზიაში გამყიდველად და ჰყავდა 13 შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი სწორედ ვილჰელმი იყო. ვილჰელმს 12 წლიდან უკვე იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ, გამორჩეულ მოჭადრაკეს. ბავშვობაში სტეინიცი გატაცებული ყოფილა მათემატიკით, ხოლო 1858 წელს მან დატოვა პრაღა და ვენის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა. 1858–1861 წლებში ვილჰელმი ვენის კაფე კუროპატკას საჭადრაკო ოთახის მუდმივი სტუმარი იყო და მონაწილეობდა ვენელი მოჭადრაკეების სამ ტურნირში. 1859 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა, 1860 წელს მეორე იყო, ხოლო 1861 წელს პირველობა არავის დაუთმო, თამაც 31 პარტიიდან 30 მოიგო.
1862 წელს ვილჰელმი ვენიდან გაემგზავრა ლონდონში II საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე. 1863–1865 წლებში სტეინიცმა სასტიკად დაამარცხა იმდროინდელი ინგლისის ცნობილი მოჭადრაკეები. 1873 წელს მას შესთავაზეს სპორტული გაზეთის „The Field“-ის საჭადრაკო განყოფილების ხელმძღვანელობა. ვილჰელმის კომენტარები შემოქმედებით-პოლემიკური ხასიათის იყო. იგი პირდაპირ ამბობდა ყველაფერს, რისი თქმაც სურდა, რის გამოც მრავალი მტერი გაიჩინა. ჰოფერისა და ცუკერტორტის მატჩის შემდეგ სტეინიცი გაზეთის რედაქტორობას ჩამოაშორეს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ფაქტი სტეინიცისთვის საგანგაშო გამოდგა. ცოლ-შვილის პატრონ სტეინიცს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, რადგან არსებობის ძირითადი წყარო გაუქრა. 1883 წელს მან დატოვა ინგლისი და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მან ნიუ-იორკში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მანჰეტენის საჭადრაკო კლუბის მფარველობის ქვეშ აირჩია.პირველმა ორკვირიანმა საგასტროლო მოგზაურობამ ამერიკაში ვილჰელმს 200 დოლარი მოუტანა. ზოგჯერ სოლიდურ თანხასაც იღებდა. მას ნორმალური არსებობის საშუალება მიეცადა იმდენად კმაყოფილი იყო, რომ დაუყოვნებლივ შეიტანა განცხადება აშშ–ის მოქალაქეობის მისაღებად.
თავისი ამერიკული ცხოვრების პირველივე დღეებიდანვე სტეინიცი ცდილობდა, შეხვედროდა სოლიდურ, სერიოზულ მეტოქე ცუკერტორტს და მიზანს მიაღწია. 1886 წელს ისინი დასხდნენ საჭადრაკო მაგიდასთან. მატჩი სტეინიცის გამარჯვებით დასრულდა. ასეთმა შედეგმა ცუკერტორტს ისეთი მორალური დარტყმა და ფსიქიკური ტრავმა მიაყენა, რომ ვერ შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. გერმანიის ქალაქ ჰერფორდის კლუბმა სტეინიცს გამარჯვება მხურვალედ მიულოცა. ის ოფიციალურად აღიარეს ჭადრაკში პირველ მსოფლიო ჩემპიონად.
1889 წელს ჰავანაში მდიდარმა კლუბმა სტეინიცს შესთავაზა, რომ დაესახელებინა თავისი მომდევნო მატჩის მოწინააღმდეგე. ვილჰელმმა არჩევანი რუს მოჭადრაკე მიხეილ ჩიგორინზე შეაჩერა. მათი პირველი მატჩი ჰავანაში მიმდინარეობდა ორი დებიუტის ნიშნით: სტეინიცი ევანზის გამბიტით იწყებდა, ხოლო სტეინიცი ცუკერტორტის დასაწყისით. მატჩი სტეინიცმა ჩინებულად დაასრულა: 10 გამარჯვება, 6 წაგება, 1 ყაიმი.
1891 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა ვილჰელმის ჟურნალმა „International Chess Magazine“-მა, რომელიც 1885 წლიდან გამოდიოდა. ჟურნალის გამოცემა შეწყდა ფინანსური მიზეზების გამო.
1894 წელს ის მატჩში მსოფლიო ჩემპიონობისთვის დამარცხდა ემანუელ ლასკერთან.
1892 წელს მას თავს დიდი უბედურება დაატყდა: დროის მცირე მონაკვეთში გარდაეცვალა მეუღლე და 18 წლის ქალიშვილი. 1900 წლის 11 თებერვალს იგი სულით ავადმყოფთა კლინიკაში მოათავსეს, ხოლო იმავე წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ როცა მისი გულისძგერა წყდებოდა, მან საჭადრაკო დაფა მკერდზე მიიკრა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.