ეკლესია ან ქრისტიანული ტაძარი — საკულტო ნაგებობა, ქრისტიანების კრებისათვის განკუთვნილი ადგილი, სადაც აღესრულება ღვთისმსახურება და სხვა რელიგიური რიტუალები. ჩვეულებრივ, ქალაქის ან მონასტერის მთავარ ეკლესიას ეწოდება საკათედრო ტაძარი, სადაც მდებარეობს ეპისკოპოსის კათედრა. უმთავრესად ეკლესიებს ამაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეკლესია (მრავალმნიშვნელოვანი).
სამთავისის ტაძარი, 1030

უძველესი ეკლესია თარიღდება 233–256 წლებით, იგი სახლის ტიპის შენობა იყო. ადრექრისტიანული წარმოდგენით ეკლესიის შენობის არსის განმსაზღვრელი ტიპი იყო ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს, გემის ფორმა აქვს და ავლებს პარალელს ნოეს კიდობანთან. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და საკურთხეველი. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია კანკელით იმის ნიშნად, რომ მრევლს არ აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო — პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად.

VI საუკუნიდან ბაზილიკების გუმბათებით დაგვირგვინებამ თითქოს შეაჩერა ბაზილიკა-ხომალდის სვლა და მყარად დაამკვიდრა ერთ ადგილზე. ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია გამოხატავს ცაში მკვიდრობის იდეას, გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების სიმბოლოა. გუმბათოვანი ეკლესიის არქიტექტურის ჩამოყალიბებით აღინიშნა დევნილობისგან თავდაღწეული და გამარჯვებული ეკლესიის სტატუსი, რაც არ აუქმებს ეკლესიის, როგორც წუთისოფელში მსვლელი ხომალდის იდეას. ის საძირკვლიანი სახლიც არის და ხომალდიც. გუმბათიანი ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: გუმბათიანი ბაზილიკა, ჯვარ-გუმბათიანი, ცენტრალურ-გუმბათოვანი, წრიული, რვაკუთხა შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების — წირვა-ლოცვის დაწყებას.

საქართველოში ქართლის გაქრისტიანებასთან ერთად ერთად დაიწყო ეკლესიების აგება. უძველეს ეკლესიებად ითვლება ძველი შუამთის კომპლექსში შემავალი ბაზილიკა (V საუკუნე), ბოლნისის სიონი (478–493), ურბნისის სიონი (V–VI საუკუნეები), ანჩისხატი (VI საუკუნე) და ნეკრესის მონასტერი (მასში შემავალი IV საუკუნის ეკლესია).[1]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.