From Wikipedia, the free encyclopedia
ეგზეგეტიკა (ძვ. ბერძნ. ἐξηγητικά, სიტყვიდან ἐξήγησις — „განმარტება“, „გადმოცემა“) — მოძღვრება ეგზეგეზის ანუ ლიტერატურული ტექსტების ფილოლოგიური განმარტების შესახებ; უფრო ვიწრო მნიშვნელობით — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ბიბლიური ტექსტების ახსნა-განმარტებას, თარგმანებას.
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ სასულიერო მწერლობაში. ამ ტიპის ნაწარმოებების თარგმნა ადრევე დაუწყიათ. ამგვარია იპოლიტე რომაელისა და ეპიფანე კვიპრელის თხზულებანი, რომლებიც ითარგმნა არაუგვიანეს VIII საუკუნისა, IX საუკუნეში ითარგმნა ათანასე ალექსანდრიელის თხზულება („თქმული ნეტარისა ათანასე მთავარეპისკოპოსისა ალექსანდრიელისაჲ…“), რომელიც ფსალმუნთა განმარტებას შეიცავს. X საუკუნემდე უთარგმნიათ გრიგოლ ნოსელის „შესაქმისათჳს კაცისა“ (შემდგომ ხელახლა თარგმნა გიორგი ათონელმა), ბასილი დიდის „ექვსთა დღეთათვის“ (უკვე დაკარგული თარგმანი, რომელიც ხელთ ჰქონია გიორგი ათონელს, როცა ამ თხზულებას ხელახლა თარგმნიდა). დიდი წვლილი მიუძღვით ეგზეტიკური ლიტერატურის თარგმნაში ექვთიმე და გიორგი ათონელებს. ამ დარგში მუშაობდა ეფრემ მცირე, რომელსაც გადმოუქართულებია იოანე ოქროპირის „განმარტებაჲ პავლე მოციქულის ეპისტოლეთაჲ“, შეუდგენია „თარგმანებაჲ დავითნისაჲ“, უთარგმნია „მეტაფრასი ეზეკიელისა“. XI–XII საუკუნეებშია თარგმნილი კირილე ალექსანდრიელის „მათეს თავის სახარებისა ძნელოანთა სიტყვათა განმარტებაჲ“(ლექსიკონი). ვარაუდობენ, რომ იოანე ჭიმჭიმელმა ბერძნულიდან გადმოიღო თეოფილაქტე ბულგარელის „განმარტება მარკოზის სახარებისა, განმარტება ლუკას სახარებისა“. ამავე დროსაა თარგმნილი იოანეს სახარების განმარტებაც. იოანე ჭიმჭიმელსვე მიაკუთვნებენ თარგმანს ნაშრომისა „თარგმანებაჲ ეკლესიასტისა მიტროფანე ზმვირნელი მიტროპოლიტისაჲ“, რომლის დედანი ბერძნულ ენაზე არ შემორჩენილა.
XII საუკუნეში შეუდგენიათ ეგზეგეტიკური კატნები, რომლებმაც ჩვენამდე ნაკლული სახით მოაღწიეს. XII საუკუნეში ნიკოლოზ კათალიკოსმა თარგმნა მაქსიმე აღმსარებლის სამი ეგზეგეტიკური ნაშრომი. ამავე დროს გადმოუღიათ თეოდორიტე კვირელის „თარგმანებაჲ მიქეაჲს წინაჲსწარმეტყველისაჲ“. XVIII საუკუნეში ანტონ კათალიკოსმა დაწერა ორმოცდამეათე ფსალმუნის განმარტება და „თარგმანება რომაელთა მიმართ ეპისტოლისაჲ“. იონა ხელაშვილმა (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი) თარგმნა განმარტება ძველი აღთქმისა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.