Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დიეგო ფორლან კორასო (ესპ. Diego Forlán Corazzo; დ. 19 მაისი, 1979, მონტევიდეო, ურუგვაი) — ყოფილი ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „კიჩეში“ თავდამსხმელად. 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. ტროფეო პიჩიჩის (ესპ. Trofeo Pichichi) და ოქროს ბუცის ორგზის მფლობელი. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაის ფეხბურთის ისტორიაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიეგო ფორლან კორასო[1] | ||
დაბადების თარიღი | 19 მაისი, 1979[1] | ||
დაბადების ადგილი | მონტევიდეო, ურუგვაი | ||
სიმაღლე | 180 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი, გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1991 | პენიაროლი | ||
1991–1994 | დანუბიო | ||
1994–1997 | ინდეპენდიენტე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997–2002 | ინდეპენდიენტე | 80 | (37) |
2002–2004 | მანჩესტერ იუნაიტედი | 63 | (10) |
2004–2007 | ვილიარეალი | 106 | (54) |
2007–2011 | ატლეტიკო მადრიდი | 134 | (74) |
2011–2012 | ინტერი მილანი | 18 | (2) |
2012–2014 | ინტერნასიონალი | 34 | (10) |
2014–2015 | სერესო ოსაკა | 42 | (17) |
2015–2016 | პენიაროლი | 30 | (8) |
2016 | მუმბაი სიტი | 11 | (5) |
2018 | კიჩე | 7 | (2) |
სულ | 525 | (222) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2014 | ურუგვაი | 112 | (36) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2020 | პენიაროლი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფორლანი ფეხბურთელების ოჯახში დაიბადა. მამამისი, პაბლო ფორლანი 1970–1975 წლებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტიტულოვანი ბრაზილიური კლუბის — „სან-პაულუს“ შემადგენლობაში თამაშობდა. ასევე, იყო 1966 და 1974 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე — ურუგვაის ეროვნული ნაკრების წევრი. ხოლო პაპამისი (დედის მხრიდან), ხუან კარლოს კორასო — 1932–1937 წლებში არგენტინული კლუბის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ნახევარმცველი და შემდგომში, ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელმაც ორჯერ — 1959[3] და 1967[4] წლებში სამხრეთ ამერიკის თასი (ესპ. Copa América) მოაპოვებინა ურუგვაის ეროვნულ გუნდს.
ფორლანი ფეხბურთის თამაშს მონტევიდეოს „პენიაროლის“ საფეხბურთო აკადემიაში იწყებს. 16 წლის ასაკში მისით ფრანგული „ნანსი“ ინტერესდება. თუმცა ამ კლუბის მწვრთნელი ახალგაზრდა ურუგვაელის საფეხბურთო მონაცემებით მაინცადამაინც ვერ იხიბლება და დიეგოც იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს. პირველი გუნდი, რომელშიც იგი თავის პროფესიულ საფეხბურთო კარიერას იწყებს, არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი — აველიანედას „ინდეპენდიენტეა“. სწორედ ამ გუნდში ვლინდება პირველად მისი ტალანტი. „წითელ ეშმაკებთან“ (ესპ. Los Diablos Rojas) ოთხი სეზონის (1997—2001) განმავლობაში ჩატარებულ 80 შეხვედრაში ფორლანს 37 გოლი გააქვს. ამის შემდეგ მისით ერთდროულად რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. საბოლოოდ, 2002 წლის 22 იანვარს, დიეგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აფორმებს კონტრაქტს, რის შედეგადაც მისი ყოფილი გუნდი კომპენსაციის სახით 6 მილიონ 900 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.
ფორლანის გულშემატკივრების ნაწილი იმედოვნებდა, რომ სამხრეთელი „წითელი ეშმაკებიდან“[5] ჩრდილოელ „წითელ ეშმაკებთან“[6] გადაბარგებულ ახალგაზრდა ფეხბურთელს („მანჩესტერ იუნაიტედი“ იგივე მეტსახელს ატარებს (ინგლ. Red Devils), რასაც „ინდეპენდიენტე“) არ უნდა გაჭირვებოდა ახალ გუნდთან შეგუება. თუმცა ორმხრივი მოლოდინი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ ფორლანი გუნდთან ერთად 2002–03 წლების სეზონის ინგლისის პრემიერლიგას, ინგლისის სუპერთასს და 2003–04 წლების სეზონის ინგლისის ასოციაციის თასს იგებს, 2004 წლის ზაფხულში ის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის „ვილიარეალს“ უერთდება.
„ვილიარეალთან“ ერთად გატარებულ პირველივე სეზონში, ფორლანი 25 გოლის გატანას ახერხებს და ტროფეო პიჩიჩის (ესპ. Trofeo Pichichi) ისაკუთრებს. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ, იგი მადრიდის „ატლეტიკოში“ აგრძელებს თამაშს, სადაც კიდევ ერთხელ ხდება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის (ესპ. Primera División de España) საუკეთესო ბომბარდირი და პირველი ფეხბურთელი, რომელიც რონალდოს შემდეგ მეორედ ეუფლება ამ ტიტულს. წარმატებით ასპარეზობს ასევე, საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზეც. 2010 წლის 12 მაისს, ჰამბურგის „ნორდბანკ არენაზე“ (გერმ. HSH Nordbank Arena), უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკო“ ლონდონის „ფულემს“ უპირისპირდება. ამ მეტად დრამატულ მატჩში „ატლეტიკო“ მხოლოდ დამატებით დროში ახერხებს ლონდონური კლუბის დამარცხებას (2–1). ესპანელთათვის გამარჯვების მომტანი ორივე ბურთი ინგლისელთა კარში ურუგვაელ ფორვარდს გააქვს — შეხვედრის 32-ე და 116-ე წუთებზე. ფორლანს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ. იმავე წლის 25 აგვისტოს ფორლანი „ატლეტიკოსთან“ ერთად უეფა-ს სუპერთასსაც ეუფლება.
2011–2012 წლებში ფორლანი მილანის „ინტერში“ თამაშობს.
პირველად ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2002 წლის 27 მარტს, დამამში, საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.[7] სადებიუტო მატჩში თავისი პირველი სანაკრებო გოლი ფორლანს შეხვედრის მეოთხე წუთზევე გააქვს. იმედისმომცემი დასაწყისის მიუხედავად თამაში საუდელთა გამარჯვებით (3–2) სრულდება. მეორე გოლი იმავე წლის 11 ივნისს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სენეგალის ნაკრების კარში გააქვს. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფორლანი ხუთი გოლის გატანას ახერხებს. ორ გოლს ჩემპიონატის მასპინძლებს, სამხრეთ აფრიკელებს უტანს, ერთს განელებს, თითო-თითოს კი ჰოლანდიას და გერმანიას. ამ მუნდიალზე ფორლანს საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ. მას გადაეცემა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო — ოქროს ბურთი.[8] თავის ბოლო, 112-ე შეხვედრას ეროვნული გუნდის მაისურით 2014 წლის 28 ივნისს, რიო-დე-ჟანეიროში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე — კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მართავს. ეს მუნდიალის მერვედფინალური მატჩია, რომელიც კოლუმბიელთა გამარჯვებით (2–0) სრულდება.[9]
2002–2014 წლებში ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში 112 მატჩი ითამაშა და 36 გოლი გაიტანა. [10]
ურუგვაის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2002 | 5 | 2 |
2003 | 7 | 5 |
2004 | 11 | 2 |
2005 | 9 | 2 |
2006 | 3 | 0 |
2007 | 9 | 5 |
2008 | 7 | 3 |
2009 | 9 | 3 |
2010 | 11 | 7 |
2011 | 13 | 3 |
2012 | 9 | 1 |
2013 | 14 | 3 |
2014 | 5 | 0 |
ჯამში | 112 | 36 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.