შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი (დ. 21 მაისი [ძვ. სტ. 9 მაისი], 1874, ზესტაფონი ― გ. 15 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი (1923). სკკპ-ის წევრი 1945 წლიდან.
შალვა დადიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 (21) მაისი, 1874 ან 1874 |
დაბადების ადგილი | ზესტაფონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 15 მარტი, 1959[1] |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი[1] |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, სცენარისტი და დრამატურგი[2] |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. უკვე ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურ-პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის განსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი“ (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“ 1896-დან). 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა „მოძრავი დასი“, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა „უკანასკნელნი“.
1905 წლის რევოლუციას უკავშირდება დადიანის დრამატული შემოქმედების დასაწყისი. პიესა „მღვიმეში“ (1905) ალეგორიული ფორმით ასახავს მშრომელი ხალხის ბრძოლას სოციალური და ეროვნული თანასწორობისთვის. პიესაში „როს ნადიმობდნენ“ (1907) დადიანი დროებით მოვლენად მიიჩნევს რეაქციის ბნელი ძალების ზეიმს და წარმოსახავს ხალხის მზადებას ახალი ბრძოლებისათვის. როგორც იდეურ-თემატურად, ისე ფორმით დადიანის ადრინდელ პიესებს ბევრი რამ აკავშირებს მ. გორკის დრამატურგიასთან. პიესაში „გუშინდელნი“ (1917) დადიანმა ძველი, რეაქციული სამყაროს გარდაუვალი დაცემისა და მოახლოებული განახლების წინათგრძნობა გამოხატა.
დადიანი არსებითად კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. საბჭოთა დრამატურგიაში ტრადიციის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა „თეთნულდი“ (1931), რომელშიც ავტორმა თანამედროვე სვანეთის ფონზე ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. ისტორიულ-რევოლიციურ დრამაში „ნაპერწკლიდან“ (1937) ასახულია XX საუკუნის დამდეგს საქართველოს მუშათა კლასის საბრძოლო შეკავშირება ბოლშევიკური ოგრანიზაციების გარშემო.
დადიანი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. რომანში „გიორგი რუსი“ (1916–1926) ასახულია XII–XIII საუკუნეების საქართველო. რომანში „გვირგვილიანების ოჯახი“ (1954) დადიანმა ასახა ქართველ თავადაზნაურობის ეკონომიური და სულიერი დეგრადაცია, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გლეხობის ბრძოლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი „რაც გამახსენდა“ (1959).
დადიანს დაწერილი აქვს აგრეთვე მრავალი მოთხრობა, ნოველა, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილი; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ჰოფმან-სტალის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950–1959). ქართული თეატრის სცენაზე 200-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. დადიანის პიესებს თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქართულ საბჭოთა თეატრის რეპერტუარში.
იყო სსრკ-ის I–II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
- ვართაგავა ი., შალვა დადიანის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1962;
- ციციშვილი გ., შალვა დადიანი. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., თბ., 1974;
- ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 3, თბ., 1959;
- ჟღენტი ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 330.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.