From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (დ. 1892 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1918), საქართველოს ეროვნული გმირი.[1]
გიორგი ხიმშიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1892 |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 1923 |
გარდაცვალების ადგილი | ტფილისი |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
წოდება | პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები | |
ჯილდოები |
მამამისი, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილია იმერლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ლადო ფეიქრიშვილმა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო „ნიკოლოზ ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელების ძებნაში“.[2]
გოგი ხიმშიაშვილმა დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკის რიგებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე (იყო პორუჩიკი), 1916-1917 წლებში მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში; იყო ქართული ცხენოსანი პოლკის ოფიცერი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, III და II, წმ. სტანისლავის II და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, 1919 წელს დენიკინელთაგან გაგრის გათავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის ივლისში ბათუმში საქართველოს ჯარების შესვლისას იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ ის სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრში“ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“ სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი ვაკის პარკი თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.