From Wikipedia, the free encyclopedia
გლორია ჯოზეფინა მეი სვენსონი (ინგლ. Gloria Josephine May Swanson; დ. 27 მარტი, 1899 — გ. 4 აპრილი, 1983) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი. მუნჯი კინოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობი. თანამედროვე მაყურებლისთვის ძირითადად ცნობილია, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი ბილი უაილდერის ნუარის ჟანრის ფილმში „სანსეტ ბულვარი“. მსახიობის პოპულარობის პიკი 1920-იანი წლებიდან დაიწყო. ფილმის პრემიერებზე უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, მისთვის რომ წამიერად მაინც შეევლოთ თვალი. თაყვანისმცემლები კვირაში 10 000 წერილს უგზავნიდნენ. მილიონობით ქალი იღებდა მისი ჩაცმის სტილსა და ინოვაციური თმის ვარცხნილობას.[1]
გლორია სვენსონი დაიბადა 1899 წლის 27 მარტს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. ადელაიდა (დაბ. კლანოვსკი) და ჯოზეფ თეოდორე სვენსონის ერთადერთი ქალიშვილი. სწავლობდა ჰოტორნის აკადემიაში. მამა ლუთერანული შვედურ-ამერიკული ოჯახიდან იყო, დედას კი გერმანული, ფრანგული და პოლონური წარმომავლობა ჰქონდა.
ჯოზეფ სვენსონი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცი იყო და ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. გლორია სვენსონმა ბავშვობის უმეტესობა პუერტო-რიკოში გაატარა, სადაც ისწავლა ესპანური ენა. იგი ასევე ცხოვრობდა ფლორიდაში, კი-უესტში.
1914 წელს, როდესაც სვენსონი 15 წლის იყო, ის, დეიდის რჩევით ეწვია ჩიკაგოს პატარა კინოკომპანია Essanay Studios-ს, სადაც მას შესთავაზეს მონაწილეობა მასობრივ სცენებში. რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, გოგონამ კვირაში ცამეტნახევარი დოლარი გამოიმუშავა. მან მიატოვა სკოლა სტუდიაში სამუშაოდ სრულ განაკვეთზე.
მალე მისი მშობლები გაშორდნენ. გლორია და მისი დედა საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ.
1928 წლიდან მსახიობი ვეგეტარიანელი გახდა და დაიწყო ამ ცხოვრების წესის აქტიური პოპულარიზაცია. მას სოციალური ღონისძიებების დროს თან დაჰქონდა ვეგეტარიანული საკვები. მაკრობიოტიკური დიეტის შესახებ მოუთხრო მსახიობ დირკ ბენედიქტს, რომელიც იმ დროს პროსტატის კიბოს ებრძოდა. მან გაითვალისწინა გლორიას რჩევა და უარი თქვა ტრადიციულ თერაპიებზე. შემდგომში თავის გამოჯანმრთელებას, დირკ ბენედიქტი სწორედ ასეთ დიეტას უმადლოდა.[2]
ფილმში „სანსეტ ბულვარი“ გლორია სვენსონს შესთავაზეს ნორმა დესმონდის როლი მას შემდეგ რაც მეი უესტიმ მერი პიკფორდმა, პოლა ნეგრიმ და გრეტა გარბომ უარი განაცხადეს მთავარ როლზე. გლორიასთან ერთად კრიმინალურ დრამაში მუნჯი კინოს ეპოქის მრავალი ვარსკვლავი მონაწილეობდა.[3][4][5]
ფილმის გამოსვლის შემდეგ, გლორია სვენსონმა მიიღო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან, როგორც მსახიობმა თქვა, მას სთავაზობდნენ ნორმა დესმონდის იმიტაციას. 1956 წელს მან ითამაშა ფილმში „ჩემი ვაჟი ნერონია“. ბოლოს ეკრანზე გამოჩნდა ფილმში „აეროპორტი 1975“, სადაც საკუთარი თავი განასახიერა. ამასთან, იგი ბევრს თამაშობდა თეატრალურ და სატელევიზიო სპექტაკლებში, იყო აქტიური მეწარმე, ბევრს მოგზაურობდა, ხატავდა სურათებს და ქმნიდა ქანდაკებებს.[6]
გლორია სვენსონის პოპულარობის მწვერვალზე, მაყურებელი კინოჩვენებებზე არა მხოლოდ ფილმის, არამედ მსახიობის გარდერობის, მისი ვარცხნილობის სანახავად დადიოდა. გლორიას სამოსს ამშვენებდა ძვირფასი ქვები, მძივები, ფარშევანგის და / ან სირაქლემას ბუმბული და მაღალი მოდის სხვადასხვა ელემენტები. მთელი მსოფლიოს ქალები ბაძავდნენ სამკაულების ტარებასა თუ ვარცხნილობაში. გლორია სვენსონი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად ქალბატონად.[7][8]
1975 წელს გლორიამ ტურნე მოაწყო შეერთებულ შტატებში, რა დროსაც საზოგადოებას გააცნო მისი მომავალი მეექვსე ქმრის, უილიამ დაუფტის მიერ დაწერილი სამეცნიერო ნარკვევი შაქრის შესახებ, Sugar Blues. ხსენებული წიგნის მეშვეობით გლორიამ გაიცნო ჯონ ლენონი და მისი ცოლი იოკო ონო (ლენონმა იყიდა Sugar Blues-ის მრავალი ასლი და გაუგზავნა მეგობრებს. აღსანიშნავია, რომ გლორია სვენსონი დაეხმარა ჯონ ლენონს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღებაში.[9]
გლორია სვენსონის ავტობიოგრაფიული წიგნი „Swanson on Swanson“, რომელიც 1980 წელს გამოქვეყნდა Random House-ის მიერ, გახდა ბესტსელერი. წიგნი ითარგმნა ფრანგულ, იტალიურ და შვედურ ენებზე.[10][11][12]
მსახიობმა იოგა შეისწავლა. ის აქტიურად ეწეოდა ინდრა დევის იოგაზე შექმნილი ნაშრომის „Forever Young, Forever Healthy“ (სამუდამოდ ახალგაზრდა, მუდამ ჯანმრთელი) პოპულარიზაციას 1953 წელს.
გლორია სვენსონი იყო რესპუბლიკელი და მხარს უჭერდა ვენდელ ვილკს 1940 და 1944 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. ასევე ბარი გოლდუოტერს 1964 წლის არჩევნებში. 1980 წელს მსახიობი გახდა რეიგან-ბუშის საარჩევნო კამპანიის ნიუ-იორკის განყოფილების „Seniors for Reagan-Bush“-ის ხელმძღვანელი.
ექვსი ქორწინების მიუხედავად, მსახიობი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც მისის სვენსონი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ქორწინებაზე კანონიერად იღებდა ქმრის გვარს.[13]
მსახიობი გარდაიცვალა ნიუ-იორკის საავადმყოფოში გულის უკმარისობისგან 1983 წლის 4 აპრილს 84 წლის ასაკში.[14][15]
მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი ნივთები და ავეჯი 1983 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე გაიყიდა აუქციონებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.