From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი რომანის ძე ერისთავი (დ. 12 თებერვალი 1812, სოფ. ოძისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 ნოემბერი, 1891, თბილისი; დაკრძალულია ოძისში) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1881).
გიორგი რომანის ძე ერისთავი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1812 |
დაბადების ადგილი | სოფ. ოძისი |
გარდაცვალების თარიღი | 1891 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | კავალერია |
წოდება | კავალერიის გენერალი |
დაიბადა რევაზ (რომან) ერისთავის (გიორგი ქსნის ერისთავის ძე) და ანასტასია ბატონიშვილის (ერეკლე II-ის ასული) ოჯახში. 1822 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს, 1825 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად დედასთან ერთად პეტერბურგში წავიდა, სადაც გვარდიის პრაპორშჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. სამხედრო სამსახურში 1829 წლიდან ირიცხებიდა. 1830 წელს მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში. მიიღო კორნეტის ჩინი. 1832 წელს საქართველოში დაბრუნდა და მონაწილეობდა შეთქმულთა შეხვედრებში. შეთქმულების გაცემის შემდეგ იგი დააპატიმრეს. საგამომძიებლო კომისიამ ერისთავი არ ჩათვალა შეთქმულების აქტიურ წევრად და გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ადმინისტრაციული წესით არხანგელსკის გარნიზონში გაამწესა.
1835 წელს ახტირსკის ჰუსართა პოლკში გადაიყვანეს, 1840 წელს კი კაპიტნის ჩინით სამშობლოში დააბრუნეს და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ჩარიცხეს. 1852–1855 წლებში კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო (ამის გამო ქართულ საზოგადოებაში მეტსახელად „ატამანი“ ჰქონდა). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაზაკთა ჯარის ტერიტორიების წყლით მომარაგების და ირიგაციის საკითხების გაუმჯობესებაში. 1850 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1858 წელს კი — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1858–1861 წლებში იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და გუბერნიის ჯარების სარდალი. ერისთავის ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი ინიციატივით ხშირად იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები. 1858 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1861 წლიდან მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან.
აქტიური სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ ერისთავმა ხელი მოჰკიდა საკუთარი საგვარეული მამულის მოვლა-პატრონობას. თავის ერთადერთ შვილს, ზაქარიას, უანდერძა საგვარეულო მამული სოფ. ოძისში (დუშეთის მაზრა) სამეურნეო სასწავლებლის ან სამაგალითო ფერმის დასაარსებლად. ერისთავის თაოსნობით ღარიბ მოსწავლეთათვის დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი, რომელიც მომავალში სათავადაზნაურო სკოლის დამატება უნდა გამხდარიყო. ერისთავმა თავის მეგობარს, ცნობილ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს დიდი ფულადი დახმარება გაუწია ვახუშტი ბატონიშვილის შრომათა დასაბეჭდად და გამოსაცემად. ერისთავის თაოსნობით ქსნის ხეობის სოფ. მონასტერში აღადგინეს ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ახალგორში დაარსდა სახალხო სასწავლებელი. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მშობლიურ კუთხეში. დაჯილდოებული იყო სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით (წმ. გიორგის ჯვრით, 1831), წმ. ანას IV (1831), III (ბაბთით, 1832), II (1846) და I ხარისხის (1852), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1840), III (1848) და II (მახვილებით, 1858) ხარისხის, წმ. სტანისლავის II (1842) და I (1851) ხარისხის, თეთრი არწივის (1862) და წმ. ალექსანდრე ნეველის (1883; ალმასის ნიშნებით, 1888) ორდენებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.