Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 13 (26) თებერვალი, 1909, ზედა რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ოქტომბერი, 1995, თბილისი[1]) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. იმავე წელს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის შუამდგომლობით ჩარიცხეს კლინიკურ ორდინატურაში, შემდგომ კი ასპირანტურაში. 1935 წელს იგი მიავლინეს მოსკოვში სკლიფასოვსკის ინსტიტუტში, პროფესორ იუდინთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველად საქართველოში გააკეთა გულის ოპერაცია, რომლის შესახებაც დაიბეჭდა პრესაში, როგორც იშვიათ მოვლენაზე.
1938 წელს კვლავ ბრუნდება აკადემიკოს გრ. მუხაძესთან ასისტენტად და განაგებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის კათედრას. იკვლევს უმთავრესად ფილტვის ქირურგიის საკითხებს. დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიის საფუძვლები. აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალური მეთოდი. ამ პერიოდში გიორგი აბაშიძის მიერ გაკეთებული ოპერაციების მთელი სერიები მედიცინის მუშაკთა ყურადღებას და მოწონებას იმსახურებდა. იმავე წელს, მან პირველმა საქართველოში გააკეთა კუჭის რეზექცია.
1938 წელს იგი მოხალისედ მიდის შორეულ აღმოსავლეთში. მონაწილეობდა ხალხინგოლის ბრძოლებში, შემდეგ კი ფინეთის ომში.
1940 წელს გ. აბაშიძე კვლავ საქართველოშია, საიდანაც მალევე გაემგზავრა მოსკოვში პროფესორ სტოიკოსთან ფილტვის ქირურგიაში დახელოვნების მიზნით.
მეორე მსოფლიო ომში ქერჩის ნახევარკუნძულზე დაინიშნა სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის უფროსად. იმავდროულად ითავსებდა დივიზიის სანიტარული სამსახურის უფროსის მოვალეობასა და 51-ე არმიის უფროსი ქირურგის თანამდებობას. ომში მასზე დაკისრებულ ორგანიზატორულ მოვალეობას უთავსებდა სამედიცინო მოღვაწეობას, რომლის დროსაც უმძიმეს საველე პირობებში გააკეთა ათეულობით ოპერაცია. აქვე მიიღო მძიმე ჭრილობა და კონტუზია, რის გამოც მისცეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა. მიუხედავად ამისა ის კვლავ მწყობრში რჩებოდა, ახლა უკვე საველე ჰოსპიტალის უფროსად.
1945 წელს გ. აბაშიძე ინიშნება საქართველოს პროფკავშირების ჰოსპიტლების სამმართველოს უფროსად და მთავარ ქირურგად, მალე კი რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად, სადაც აკეთებდა იმ დროისთვის მრავალ უნიკალურ ოპერაციას (კუჭის ტოტალური რეზექცია, დუოდენუმის საყლაპავთან შეერთებას და სხვა).
1948 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1957 წელს სადოქტორო დისერტაციებს. ამ დროს გ. აბაშიძე მოღვაწეობს თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ფთიზიოქორურგიაში, სადაც აყალიბებს პულმონოლოგიას, როგორც მეცნიერებას და საქართველოში პირველი აკეთებს პულმონექტომიას.
მისეული ოპერაციები შესულია ნ. ამოსოვის, მ. ახუტინის და სხვათა სახელმძღვანელოებში. ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიისა. დაჯილდოვებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.