From Wikipedia, the free encyclopedia
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები.
გელათის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°17′50″ ჩ. გ. 42°45′40″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | 1106 |
სახელწოდება „გელათი“ შესაძლოა მომდინარეობდეს იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის „გენნათის“ სახელიდან.[1]
გელათის მონასტერი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | საქართველო | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | ||
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 42°17′50″ ჩ. გ. 42°45′40″ ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) | |
ნომერი | 710 | |
საფრთხის ქვეშ | 2010– 2017 (ბაგრატის ტაძართან ერთად) | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 710 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.
1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.
2003 წლიდან 2020 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ხუთი პროექტი დააფინანსა. სხვადასხვა პროექტები 2003, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში განხორციელდა.[2]
თავდაპირველად, 2003 წელს, მონასტრის ფრესკების სარესტავრაციო საჭიროებების დაადგენად, დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების კვლევა და დაზიანებათა დამუშავების დაგეგმვა, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა მკრთალი შეფერილობა, სოკოვანი დაავადებები და ფრესკების ზედაპირზე მარილების კრისტალიზაცია.[2]
კვლევით დადგინდა, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინე ეგვტერის ფრესკა სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. 2012 წელს, საელჩოს დაფინანსებული პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა და რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებას, მარილების მოშორებას ითვალისწინებდა.[2]
2013 წელს, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, მოჭიქული კერამიკით დასახურად, ქვის ფილების გასაწმენდად, ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგისთვის და გადაუდებელი კონსერვაციისთვის, ასევე სხვა აღდგენითი სამუშაოებისთვის, $600 000 გამოყო.[2]
2014 – 16 წლებში ფონდის მიერ, მონასტრის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი კიდევ ორი პროექტი განხორციელდა.[2]
აშშ-ის ჩართულობისა და დაფინანსაბიეს მიუხედავად, ახლადგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძრში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტების მიხედვით, ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.[3]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა, მაგრამ პროკურატურამ საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართა.[3]
გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის ავტორი არის ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობაა“, რომლის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე. პროექტის განმახორციელებელი და სამუშაოების შესრულებაზე ნებართვის მფლობელია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელია მაკა დვალიშვილი, ამავე ორგანიზაციამ მოიძია საგრანტო დაფინანსება. საინჟინრო სამუშაოები „იკორთა 2007“-მა შეასრულა, რომლის ხელმძღვანელია გია ხურცილავა.[3]
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელ ყველა სამუშაოზე ნებართვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემდა. 2014 წლის 25 თებერვლიდან სააგენტოს ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობდა. სააგენტოს ევალებოდა პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 2020 წლის 11 მარტამდე, სააგენტოს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებზე ხარვეზი არ აღმოუჩენია. სამუშაოების დაწყებიდან პირველი ხარვეზის აღმოჩენამდე 7 წელი გავიდა.[3]
ერთ-ერთმა პირველმა გელათში მიმდინარე პროცესის შესახებ ორგანიზაციამ ევროპა ჩვენი სახლია განაცხადა. ორგანიზაცია ერთ წელზე მეტია გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაციის შემდეგ გამოვლენილი ხარვეზების შესახებ აქვეყნებდა დოკუმენტურ მასალებს, რასაც კულტურის სამინისტროსთან დაპირისპირება მოყვა. თორნიკე ბარათაშვილს ეკუთვნის გელათის რესტავრაციის ხარვეზებით ჩატარების ამსახველი ყველაზე პოპულარული ფოტო. სწორედ ეს ფოტო გახდა თავის დროზე კატალიზატორი, რომლის შედეგადაც საზოგადოებამ გელათის სამონასტრო კომპელქსის პრობლემის შესახებ შეიტყო. [4]
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.
გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე. წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები.
1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2006 წლის 7 ნოემბერს, მიენიჭა საქართველოს კულტურის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2010 წელს ბაგრატის ტაძარს მასზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მიენიჭა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი, რაც ასევე შეეხო გელათის მონასტერს. 2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს[5]. 2017 წლიდან ბაგრატის ტაძრისგან დამოუკიდებლად არის აღრიცხული მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.