From Wikipedia, the free encyclopedia
გალაკტიონის ხიდი — ხიდი ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვერის უბანში. აგებულია 1952 წელს (არქიტექტორი მიხეილ მელია, ინჟინერი გ. ჩომახიძე). ხიდმა ჩაანაცვლა აქ მანამდე არსებული ვერის ხიდი. ხიდი სამმალიანია, მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტითა და ბოლნისის ტუფით. 1952-1990 წლებში ერქვა ელბაქიძის ხიდი, 1990-1999 წლებში — ვერის ხიდი. 1999 წელს მიენიჭა პოეტ გალაკტიონ ტაბიძის სახელი.
1880 წელს თბილისის თვითმმართველობამ 750 000 მანეთის საობლიგაციო სესხი აიღო. ამ ფულით სხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებული იყო სამი — ორთაჭალის, ვერისა და მუხრანის — ხიდების აგება. გამგეობამ ნასესხები თანხიდან ვერის ხიდის ასაშენებლად 180 000 მანეთი გამოყო. მომავალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ორივე მხარეს მდებარე მიწების მესაკუთრეები, ყორღანოვი და როტინოვი მიხვდნენ, რომ ხიდის აშენების შემთხვევაში მათი ნაკვეთების ფასი გაიზრდებოდა და ხელი შეუწყვეს ვერის ხიდის დაგეგმვასა და მშენებლობას. ქალაქის სათათბიროში დიდი დავა იყო იმის თაობაზე, თუ რომელი ხიდი უნდა აშენებულიყო უფრო ადრე, ვერის თუ მუხრანისა. ვერის ხიდის აქტიური მომხრე იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ხედავდა, რომ ქალაქი ჩრდილოეთისკენ ვითარდებოდა, და სულ მალე ვერის ხიდის გარეშე მისი ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა. ვერის ხიდის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ვერის დაღმართის გაჭრის შემდეგ. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის.
ხიდის მშენებლობა დაიწყო 1883 წელს, ს. უმანსკისა და პ. ზამიატინის პროექტით. ხიდი 1885 წლის 10 თებერვალს გაიხსნა. ეს იყო ქვის ბურჯებზე გადებული სამმალიანი რკინის კონსტრუქცია. ხიდის სავალი ნაწილი ლითონის ფერმებზე მოწყობილ ფიცარნაგს წარმოადგენდა. მისი სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა. ხიდზე ტრანსპორტის გატარებისთვის დაწესებული იყო გადასახადი — 5 კაპიკი, რომელიც გაუქმდა 1915 წელს.
XX საუკუნის შუა ხანებისათვის ხიდი ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქის ამ ნაწილის გაზრდილ მოთხოვნებს. 1951 წელს დაიწყო ახალი სამმალიანი, ამჟამინდელი ხიდის მშენებლობა (არქიტექტორი მიხეილ მელია, ინჟინერი გიორგი ჩომახიძე), რომელიც 1952 წლის დეკემბერში დასრულდა.
ბოლნისის ტუფითა და ალგეთის ბაზალტით მოპირკეთებული, საბჭოთა სიმბოლიკით მორთული ახალი ხიდი სტალინის სახელს ატარებდა. შემდეგ ეწოდა ელბაქიძის ხიდი, 1990 წელს ისტორიული სახელი „ვერის ხიდი“ დაუბრუნდა, 1999 წელს კი გალაკტიონის სახელი მიენიჭა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.