ბაქტერიოფაგები, ფაგები (ბერძ. φάγος — „შთანთქმა“) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიკური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.
ბაქტერიოფაგები | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
| ||||
ლათინური სახელი | ||||
baqteriofages | ||||
|
ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად ჰგავს სპერმატოზოიდს ან თავკომბალას. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. ფაგის კაფსიდი ცილოვანი (პროტეინული) გარსითაა დაფარული და მის შიგნით მოთავსებულია გენეტიკური მასალა დნმ-ის ან რნმ-ის სახით. ფაგის კაფსიდი სიმეტრიული სტრუქტურაა და უმრავლეს შემთხვევაში მრავალწახნაგა იკოსაედრს წარმოადგენს. შესწავლილი ფაგების 95 % კუდისებრი სტრუქტურა აქვს, რომელიც აგებულია კუმშვადი ან არაკუმშვადი ცილებისაგან. კუდი ბოლოვდება ბაზალური მემბრანით, რომელზეც გამოზრდილია წვრილი ფიბრიები. ფიბრიები სამიზნე ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრების და ადჰეზიის ორგანოა. ფაგების დანარჩენი 5% სხვადასხვა ფორმისაა: ძაფისებრი, ლიმონის ფორმის ან პლეომორფული. პროტეინული გარსის გარდა ზოგიერთ სახეობას ლიპიდების შემცველი შალითა აქვს. ასეთი ფაგები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქლოროფორმისა და ლიპიდების დამშლელი სხვა აგენტებისადმი.
ვირუსების კლასიფიკაციის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით ბაქტერიოფაგები იყოფა 13 ოჯახად, რომლებშიც გაერთიანებულია 31 გვარი.
რიგი | ოჯახი | მორფოლოგია | ნუკლეინის მჟავა |
---|---|---|---|
Caudovirales | Myoviridae | უშალითო, კუდი კუმშვადი | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი |
Siphoviridae | უშალითო, კუდი გრძელი, არაკუმშვადი | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი | |
Podoviridae | უშალითო, კუდი მოკლე, არაკუმშვადი | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი | |
Tectiviridae | უშალითო, იზომეტრული | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი | |
Corticoviridae | უშალითო, იზომეტრული | დნმ ორძაფიანი, წრიული | |
Lipothrixviridae | შალითით, ჩხირის ფორმის | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი | |
Plasmaviridae | შალითით, პლეომორფული | დნმ ორძაფიანი, წრიული | |
Rudiviridae | უშალითო, ჩხირის ფორმის | დნმ ორძაფიანი, ხაზოვანი | |
Fuselloviridae | უშალითო, ლიმონის ფორმის | დნმ ორძაფიანი, წრიული | |
Inoviridae | უშალითო, ძაფისებრი | დნმ ერთძაფიანი, წრიული | |
Microviridae | უშალითო, იზომეტრული | დნმ ერთძაფიანი, წრიული | |
Leviviridae | უშალითო, იზომეტრული | რნმ ერთძაფიანი, ხაზოვანი | |
Cystoviridae | შალითით, სფეროსებრი | რნმ სეგმენტირებული |
ბაქტერიოფაგები შეადგენენ ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვან და გავრცელების ფართო არიალის მქონე ჯგუფს. გავრცელებულია ჰაერში, ნიადაგში, წყალში, განსაკუთრებით ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლებში, ასევე ცოცხალ ორგანზმების (ადამიანის, ცხოველების, მცენარეების) ზედაპირზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ბაქტერიოფაგები გვხვდება ყველგან, სადაც შეიძლება იყოს ბაქტერიული პოპულაცია. გვხვდება მაღალ ტემპერატურულ გარემოში, გაყინულ არეებში, ანაერობულ სივრცეებში. მაგალითად, ფსიქროფილური ფაგები გვხვდება გაყინულ ხორცისა და თევზის პროდუქტებშიც. ბაქტერიოფაგები კარგად უძლებენ გამოშრობას, გაყინვას, ტემპერატურის ცვლილებას. ულტრაიისფერი და სხვა სპექტრის რადიაციები დაბალი დოზებით მათში იწვევს მუტაციებს.
ბაქტერიოფაგები სხვა მიკროორგანიზმებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ მარტივია მათი კულტივირება, ახასიათებთ გენერაციის ხანმოკლე პერიოდი, შთამომავლობის მრავლობითობა და შესაძლებელია ვრიონის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. ყოველივე ამან განაპირობა, ის რომ ბაქტერიოფაგი სამეცნიერო კვლევების ხელსაყრელ მოდელად იქცა.
ბაქტერიოფაგების კულტურებზე ექსპერიმენტებმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მოლეკულური ბიოლოგიის განვითარებას. ბაქტერიოფაგი კარგი საექსპერიმენტო მასალაა გენეტიკური და იმუნოლოგიური კვლევებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია გენების სტრუქტურის, მუტაციის მოლეკულური მექანიზმების, მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენის ხარისხისა და სიხშირის განსაზღვრის, გენეტიკური კოდის გაშიფვრის, გენური ტრანსმისიის შემსწავლელი ექსპერიმენტები.
ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთ-ერთი სფერო ანტიბაქტერიული თერაპიაა, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების ალტერნატივაა. ფაგოთერაპია ალტერნატიულ მედიცინას მიეკუთვნება. ფაგოთერაპიის კლინიკური გამოყენება ხდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, უპირატესად საბჭოთა არმიის ჯარისკაცებზე და ინტერნატებში მცხოვრებ ბავშვებზე, თუმცა კლინიკური მონაცემების შესახებ ლიტერატურა ძალიან მწირია. ბაქტერიოფაგები გამოიყენება სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, დიზენტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგის პრეპარატი შეიძლება იყოს: 1. მონოკომპონენტური ანუ ერთი ბაქტერიის მიმართ აქტიური ან 2. პოლივალენტური - რამდენიმე ბაქტერიის მიმართ აქტიური. პოლივალენტური პრეპარატებია: პიობაქტერიოფაგი, ინტესტიფაგი, სესფაგი და სხვა. ბაქტერიოფაგების დასახელებული პრეპარატების ფორმულები შემუშავდა ელიავას ინსტიტუტში, თბილისში.[1], რომელიც ბაქტერიოფაგების გამოკვლევის პიონერია.
მაღალი მუტაციური ხასიათის გამო დასავლეთში ბაქტერიოფაგს სამკურნალოდ არ გამოიყენებენ. მონაცემები ფაგოთერაპიის კლინიკურ კვლევებზე სპორადიული და გადაუმოწმებელია.
ბაქტერიოფაგები ზარალის მომტანია წარმოების ისეთი დარგებისათვის, რომლებიც ბაქტერიულ ფერმენტაციაზე ან ბაქტერიულ კულტურებზეა დამოკიდებული. ლუდის , რძის პროდუქტების, აგრეთვე პრობიოტიკებისა და ანტიბიოტიკების მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანებში, ორგანული გამხსნელების მწარმოებელ ორგანიზაციებში ბაქტერიოფაგებით დაბინძურება აფერხებს საწარმოო პროცესს და პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. ასეთ ორგანიზაციებში ბაქტერიოფაგებით დაბინძურების წინააღმდეგ მკაცრი კონტროლი ტარდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.