შამილ ბასაევი (რუს. Шамиль Салманович Басаев) (დ. 14 იანვარი, 1965, დიშნე-ვედენო, ჩეჩნეთი ― გ. 10 ივლისი, 2006, ინგუშეთი) — ჩეჩენი საველე მეთაური და პოლიტიკური მოღვაწე. ჩეჩნეთის თანამედროვე ეროვნული გმირი. მისი პაპა წარმოშობით ლეკი იყო. 2003 წლიდან ბასაევი იყენებდა ფსევდონიმს და წოდებას: შამილ აბუ-იდრის, შაჰიდთა ბრიგადის „რიადუს სალიჰიინ“ ამირა.

Thumb
შამილ ბასაევი

შ.ბასევი სამჯერ აბარებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ მოხვდა საკონკურსო გამოცდების შედეგად. 1987 წელს ჩააბარა მოსკოვის მიწათმოწყობის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1991 წლამდე მოსკოვში მუშაობდა ერთ-ერთ კოოპერატივში სავაჭრო-საშუამავლო შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობაში. 1991 წლის დასაწყისში დაბრუნდა ჩეჩნეთში და შევიდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის (კხკ) ჯარებში. 1991 წლის აგვისტოს პუტჩისას მონაწილეობდა მოსკოვში „თეთრი სახლის“ დაცვაში.

1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთში რუსი მედესანტეების გადასროლის შემდეგ მონაწილეობდა სამგზავრო თვითმფრინავის „ტუ-154“-ის გატაცებაში მინერალური წყლებიდან თურქეთში. ამ აქციის შემდეგ ბასაევი გახდა ჯ. დუდაევის სპეცდანიშნულების რაზმის ასმეთაური. 1991 წლის მიწურულიდან 1992 წლის დასაწყისამდე მან გაატარა საზღვარგარეთ. კერძოდ, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და იბრძოდა სომეხი სეპარატისტების წინააღმდეგ. გარკვეული დროით იმყოფებოდა პაკისტანში, სადაც მომზადებას გადიოდა მუჯაჰედთა საწვრთნელ ბანაკში. 1992 წელს შ. ბასაევი დაინიშნა კხკ-ის ჯარების სარდლად. ხსენებული ორგანიზაცია, მრავალ ექსპერტთა მტკიცებით, შექმნილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმისათვის, რომ კავკასიაში არ დაეშვათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღზევება.

1992 წლის აგვისტოდან ბასაევი მონაწილეობდა აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფსუა სეპარატისტების მხარეს. მეთაურობდა გაგრის ფრონტს და იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მეთაურობდა ჩეჩენ მოხალისეთა რაზმს, რომელსაც შემდგომში ეწოდა „აფხაზური ბატალიონი“. 1993 წელს აფხაზეთის პრეზიდენტის ვ. არძინბას განკარგულებით იგი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გუდაუთის რაიონულ ადმინისტრაციაში. 1994 წლის ზაფხულში ჩეჩნეთში დაწყებულ სამოქალაქო ომში იღებდა მონაწილეობას.

შ. ბასაევის სახელმა საქვეყნო აღიარება ჰპოვა ბუდიონოვსკში განვითარებული მოვლენების შემდეგ 1995 წლის 14 ივლისს. ამ დივერსიული აქციის დასასრული ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბასაევის დივერსიულ რაზმს მიართვეს ავტობუსები და ჩეჩნეთისკენ მიმავალი გზა გაუხსნეს. მოლაპარაკებებზე, შ. ბასაევთან, რუსეთის მხარეს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი ვ. ჩერნომირდინი. ბუდიონოვსკში განხორციელებული ოპერაციის გამო ბასაევის რაზმის მთელ პირად შემადგენლობას მიენიჭა „კიომან სიის“ (ერის ღირსება) წოდება, ხოლო თვით ბასაევს - ბრიგადის გენერლის წოდება. 1995 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ბასაევი არაერთხელ დაემუქრა რუსეთის ხელისუფლებას მათ ტერიტორიაზე ახალი დივერსიული აქტების განხორციელებით იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდებოდა საბრძოლო მოქმედებები და და არ დაიწყებოდა მოლაპარაკებები.

1996 წლის აპრილის დასასრულს პრეზიდენტ ჯ.დუდაევის დაღუპვის შემდეგ, საველე მეთაურების თათბირზე ბასაევი არჩეულ იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების სარდლად ა. მასხადოვის ნაცვლად. მანამდე ბასაევს, შეიარაღებულ ძალებში ეკავა სადაზვერვო-დივერსიული ბატალიონის მეთაურის პოსტი. 1996 წლის დეკემბერში ბასაევმა მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მას ამომრჩეველთა 25,5 %-მა დაუჭირა მხარი. თუმცა გასამარჯვებლად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

1997 წლის 27 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დამარცხდა ასლან მასხადოვთან. მიუხედავად ამისა, 1997 წლიდან ჩეჩნეთის მთავრობაში მას ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა, ხოლო შემდგომ მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 1997 წლის ივლისის დასაწყისში ბასაევი გადადგა და მშობლიურ ვედენოში დაბრუნდა. 1998 წლის ივლისში იგი დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილედ. 1999 წლის აგვისტოს დასაწყისში ბასაევის და ხატაბის მოხალისე-მუჯაჰედების რაზმები (დაახ. 400-მდე ადამიანი) შევიდნენ ცუმიდის რაიონის (დაღესტანი) ტერიტორიაზე. სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, მათ რუსეთის ჯარების დაჯგუფებას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და უკან, ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. 1999 წლის სექტემბერში ბასაევის ბანდფორმირებები ხელმეორედ შევიდნენ დაღესტნის ტერიტორიაზე იმისათვის, რომ ჩეჩნეთის ოკუპაციისთვის მზადებაში მყოფი რუსეთის ჯარებისთვის პრევენციული დარტყმები მიეყენებინათ.

1999 წელს ბასაევი ორი თვის მანძილზე ინარჩუნებდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნის თავდაცვას. 2000 წლის თებერვალში ალყიდან გამოსვლისას იგი მძიმედ დაიჭრა - ნაღმზე აფეთქდა, რომლის შედეგად მას ცალი ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბასაევი კვლავ მწყობრში ჩადგა და შექმნა დივერსიული ბრიგადა „რიადუს სოლიჰიინი“, რომელმაც განახორციელა რამდენიმე დივერსიული აქტი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩეჩნეთის პრეზიდენტის აბდულ-ჰალიმ სადულაევის ხელისუფლებაში მას პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა. იყო კავკასიის მუჯაჰედთა ამირა.

ბასაევი აფხაზეთის ომში

2002 წლის 20 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ #42-ში დაიბეჭდა საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ცნობა: „საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურები 1996 წლიდან ეძებენ შამილ ბასაევს, რომელსაც ბრალად ედება 1992-1993 წლების პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედება“, — განაცხადა 19 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ. თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ ჯერ კიდევ 1996 წელს გაიცა შ.ბასაევის დაპატიმრების სანქცია, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ დადგინდა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი, დაიწყო მისი ძებნა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ „შ. ბასაევის დაკავების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ მისი მოქმედების შესახებ სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა სასამართლოს“, — განაცხადა მან. ნ. გაბრიჩიძემ აღნიშნა, რომ ამ საქმის მასალებში „არის უამრავი ნივთიერი მტკიცებულება, რომლებიც მოწმობს აფხაზეთში შ. ბასაევის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას“.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.