From Wikipedia, the free encyclopedia
არმაზი — იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.
„ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...[1]“ |
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია:
„აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“ | |
([2]) |
კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“[3]. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.
წმინდა ნინო მაშინდელ ქართველებს ასე ახასიათებს: „ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.
არმაზობა შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უძრავი ისე მოძრავი დღესასწაული. მატეანე არმაზობის დღეს არ ასახელებს, მოხსენიებულია მხოლოდ არმაზის ბოლო დღესასწაულის დღე 19(6) აგვისტო.
თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზის კერპისადმი ადამიანების შეწირვის ფაქტს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.