რუსი გეოლოგი და საზოგადო მოღვაწე From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე პეტრეს ძე კარპინსკი (რუს. Карпинский, Александр Петрович; დ. 7 იანვარი, 1847 [ძვ. სტ. 26 დეკემბერი, 1846], სოფ. ტურინსკიე რუდნიკი, ახლანდელი კრასნოტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი — გ. 15 ივლისი, 1936, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოლოგიური კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1882; 1885–1903 წლებში დირექტორი, 1903-1929 წლებში საპატიო დირექტორი).
1866 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი; 1877–1896 წლებში იყო იმავე ინსტიტუტის პროფესორი; 1886 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტად; 1889 წელს — ექსტრაორდინარულ, 1896 წელს — ორდინარულ აკადემიკოსად. 1916 წლიდან ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას, 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი პირველი არჩევითი პრეზიდენტი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარპინსკის შრომები ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის და პალეონტოლოგიის დარგში. კარპინსკიმ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა რუსეთში ქანების კვლევის მიკროსკოპული მეთოდი. კარპინსკის გეოლოგიური რუკები საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის საქმეს. გეოლოგიური შრომებისათვის კარპინსკის მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს მედალი (1892), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის კიუვიეს სახელობის პრემია (1922).
გეოლოგიის დარგში თვალსაჩინო შრომებისათვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ 1946 წელს დააწესა კარპინსკის სახელობის პრემია და ოქროს მედალი. 1899–1936 წლებში იყო მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.
კარპინსკის სახელი ეწოდა ქალაქს სვერდლოვსკის ოლქში, ვულკანს კურილის კუნძულებზე, მთას ჩრდილოეთ ურალში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ მუზეუმს ლენინგრადში და სხვა.
კარპინსკი დაკრძალულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.