Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაფარ ჯაბარლის სახელობის აზერბაიჯანის თეატრის მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Dövlət Teatr Muzeyi) — პირველი მუზეუმი აზერბაიჯანში, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანულ თეატრს. ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ-ერთი მდიდარი და მოწინავე კულტურული ცენტრია. მუზეუმში 130 000-ზე მეტი ნივთია თავმოყრილი, რომელიც ასახავს ეროვნული თეატრის შექმნის ისტორიას, მისი განვითარების გზებს, აზერბაიჯანელი თეატრის კორიფეების ცხოვრებასა და შემოქმედებას. მუზეუმი მდებარეობს სამუზეუმო ცენტრის შენობაში.[1] მუზეუმის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი იყო გამოჩენილი თეატრალური მოღვაწე, ბაქოს თეატრალური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე, პედაგოგი აღა ქერიმ შარიფოვი, რომელმაც დიდი დრო დაუთმო თეატრის ისტორიის შესწავლას და პოპულარიზაციას.
აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Dövlət Teatr Muzeyi | |
40°22′10″ ჩ. გ. 49°50′32″ ა. გ. | |
დაარსდა | 1934 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | http://teatrmuzeyi.musigi-dunya.az/ |
მუზეუმის ორგანიზება 1934 წლით თარიღდება. 1934 წელს ასეთი მუზეუმის შექმნის საკითხი დაისვა თეატრის მუშაკთა რესპუბლიკურ საბჭოში და მუზეუმი იმავე წელს მოეწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში. ფაქტობრივად, ეს იყო მომავალი მუზეუმისა და თეატრის ისტორიის გამოფენის საფუძველი. თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელმა მწერლებმა ჯალილ მამედყულიზადემ და აბდურაჰიმ ბეი ჰაგვერდიევმა, რომლებმაც გამოფენის გახსნის ლენტი გაჭრეს, თქვეს: „გაუმარჯოს აზერბაიჯანულ თეატრს!“ იმ დღიდან ეს მუზეუმი გადაიქცა ტაძრად, რომელიც აგროვებს და ინახავს სუვენირებს, ხელნაწერებს, ფოტოებს, ნახატებს და სხვადასხვა დოკუმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია თეატრის ისტორიასთან და თეატრალურ პიროვნებებთან. გამოფენა სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმის თეატრალური განყოფილება, რომელიც იმ დროს მოქმედებდა. საბოლოოდ, 1934 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმის შესაბამისი განყოფილების ბაზაზე შეიქმნა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მუზეუმი და მუზეუმის დირექტორად დაინიშნა აღა ქერიმ შარიფოვი. 1934 წლის 25 ნოემბერს გაიმართა მუზეუმის საზეიმო გახსნა. ცერემონიაში მონაწილეობენ იმ დროის გამოჩენილი მხატვრები — შოვქეთ მამედოვა, ჰუსეინგულუ სარაბსკი, ალექსანდრე ტუგანოვი, ულვი რაჯაბი, ისმაილ ჰიდაიათზადე და სხვები.[2] 1935 წელს მუზეუმს ეწოდა დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის ჯაფარ ჯაბარლის სახელი. 1963 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრალური მუზეუმი გაუქმდა და გახდა ნიზამის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმის თეატრისა და დრამატურგიის განყოფილება. 1968 წელს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „აზერბაიჯანის ჯაფარ ჯაბარლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმის მოწყობის შესახებ“ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ნიზამის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმის შენობის IV სართულზე ოთახები ახლად შექმნილ მუზეუმს გადაეცა. ამ ოთახებში შესაძლებელი იყო მხოლოდ მუზეუმის ნივთების მარაგისა და თანამშრომლების განთავსება. აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მუზეუმის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 1991 წელს მოხდა, როცა ლენინის სახელობის ცენტრალური მუზეუმის ბაქოს ფილიალის შენობა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს გადაეცა. აქ შეიქმნა „სამუზეუმო ცენტრი“. შენობაში განთავსდა აზერბაიჯანის ხალიჩებისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მუზეუმი და თეატრის მუზეუმი ერთად. ასე შეიქმნა აზერბაიჯანული თეატრის ისტორიის ამსახველი მდიდარი ექსპოზიცია.
მუზეუმის კოლექციაში 130 000-ზე მეტი ექსპონატია. მუზეუმის ექსპოზიცია, რომელიც 7 დარბაზშია განთავსებული, მოიცავს მხატვრულ-ესთეტიკური თვისების მატარებელ იშვიათ ექსპონატებს და გადმოსცემს აზერბაიჯანული თეატრის განვითარების სხვადასხვა ეტაპების სულისკვეთებას.
მუზეუმის პირველ დარბაზში გამოფენილია თეატრის ჩამოყალიბების ისტორიის, აზერბაიჯანული თეატრის პირველი მოღვაწეების ამსახველი (XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის) იშვიათი ექსპონატები. იგი ეძღვნება აზერბაიჯანის სახელმწიფო ეროვნულ დრამატულ თეატრს. მუზეუმის მე-2 დარბაზში წარმოდგენილია ჯაფარ ჯაბარლისა და ჰუსეინ ჯავიდის ეპოქის მასალები. სხვადასხვა დოკუმენტებითა და ფოტოგრაფიებით გადმოცემულია იმ ხელოვანების ცხოვრება და შემოქმედება, რომელთაც ფასდაუდებელი სამსახური ჰქონდათ გაწეული აზერბაიჯანის პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. დარბაზის ერთი კუთხე ასახავს აზერბაიჯანის დრამატულ თეატრში დადგმული დასავლური და რუსული დრამატურგიის მაგალითების სცენურ განსახიერებას. მუზეუმის მე-3 დარბაზი ეთმობა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს. ამ დარბაზში შეიძლება აზერბაიჯანელი კომპოზიტორების შემოქმედებასთან დაკავშირებული ექსპონატების ნახვა. ნაჩვენებია პირველი ეროვნული საოპერო ხელოვნების შექმნის ისტორია, მუღამზე დაწერილი სიმფონიური ნაწარმოებები. ასევე ეროვნული საბალეტო ხელოვნების შექმნისა და აღმავლობის ისტორია, ევროპული ოპერების ცნობილი აზერბაიჯანელი შემსრულებლები. ცენტრალური პოზიცია უჭირავს აზერბაიჯანული კულტურის კორიფეს, გენიალური კომპოზიტორის, უზეირ ჰაჯიბეკოვის შემოქმედების ამსახველ ექსპონატებს. გამოფენილია მისი ყველა ოპერის პროგრამები და აფიშები. მუზეუმის მე-4 დარბაზი მოგვითხრობს აზერბაიჯანის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის, თოჯინების თეატრის საქმიანობაზე. მუზეუმის მე-5 დარბაზი აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შემოქმედებაზე მოგვითხრობს. თეატრის საქმიანობა შუქდება დოკუმენტებით, ფოტოებით, სპექტაკლებისთვის აგებული მაკეტებით, ესკიზებით, კოსტიუმებითა და თოჯინებით. მე-6 დარბაზი ეთმობა შუშას სახელმწიფო მუსიკალურ-დრამატულ თეატრს, თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს, შაქის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ერევნის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს, ნახიჩევანის სახელმწიფო მუსიკალურ თეატრს, განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. გამოფენილია ასევე სხვა მასალები და დოკუმენტები თეატრალური სამყაროდან. მე-7 დარბაზში გამოფენილია ექსპონატები კერძო კოლექციებიდამ და იშვიათი საფონდო მასალები. აქვე პერიოდულად ტარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სხდომები, ხსოვნის საღამოები, საიუბილეო ღონისძიებები და სხვა.
1937-1938 წლებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ეროვნული თეატრის განვითარებას. იმ წლებში თეატრის არაერთი თანამშრომელი დაექვემდებარა რეპრესიებს. მათ შორის იყვნენ სახელმწიფო თეატრის მუზეუმის დირექტორის აღა ქერიმ შარიფოვის ახლობლები. ცოტა მოგვიანებით აღა ქერიმ შარიფოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სწორედ იმ წლებში მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა აფერინ მამადბეოვამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და რეპრესიების მსხვერპლთა ნივთები მუზეუმში დამალა და დატყვევებისგან დაიცვა და ამგვარად ეს დოკუმენტები დღემდეა შემორჩენილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.