QR კოდი
QR კოდი / From Wikipedia, the free encyclopedia
QR კოდი (ინგლ. Quick Response code — „სწრაფი რეაგირების კოდი“) — ორგანზომილებიანი მატრიცული შტრიხკოდის ტიპი, რომელიც გამოიგონა იაპონურმა კომპანია Denso Wave-მ 1994 წელს, ავტომობილების ნაწილების მარკირებისთვის[1][2]. შტრიხკოდი წარმოადგენს შესაბამისი სკანერით წაკითხვად ოპტიკურ სურათს, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ინფორმაციას ეტიკეტირებული ნივთის შესახებ. პრაქტიკაში, QR კოდები შეიცავს მონაცემებს ლოკატორის, იდენტიფიკატორისა და ვებსაიტის ვიზიტორთა თვალყურის დევნებისათვის. მონაცემების ეფექტური შესანახვისათვის იყენებენ კოდირების/დაშიფვრის ოთხ სტანდარტიზებულ რეჟიმს (I) ციფრული, (II) ასო-ციფრული, (III) ბაიტის ან ორობითი მონაცემებისა და (IV) კანჯისათვის.[3]
QR კოდი შედგება თეთრ ფონზე კვადრატული ბადის სახით განლაგებული შავი კვადრატებისაგან, მათ შორის რამდენიმე ათვლის წერტილად მიჩნეული ნიშნისგან. წაკითხვა შესაძლებელია გამოსახულების წამკითხველი მოწყობილობით (როგორიცაა მაგალითად კამერა), დამუშავება კი — რიდ-სოლომონის შეცდომათა გასწორების კოდების გამოყენებით, სანამ გამოსახულება სწორად არ იქნება გადმოცემული. შემდეგ საჭირო მონაცემების ამოღება ხდება „ორნამენტებისგან“, რომლებიც წარმოდგენილია გამოსახულების როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ კომპონენტებში.[4]
QR ეტიკეტირების სისტემა საავტომობილო ინდუსტრიის მიღმა გამოიყენებოდა სტანდარტულ UPC შტრიხკოდებთან შედარებით მისი სწრაფი წაკითხვადობისა და შენახვისათვის უფრო დიდი ტევადობის გამო. პრაქტიკულ გამოყენებაში შედის საქონლის იდენტიფიკაცია, დოკუმენტების მართვა და ზოგადი მარკეტინგი.[4]