COVID-19-ის ვაქცინა
From Wikipedia, the free encyclopedia
COVID‑19-ის ვაქცინა ― ვაქცინა, რომლის მიზანია შეძენილი იმუნიტეტის გამომუშავება მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS‑CoV‑2), კორონავურუსული დაავადება 2019-ის (COVID‑19) გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ. COVID-19-ის პანდემიამდე არსებობდა ცოდნა იმ კორონავირუსების აგებულებისა და ფუნქციების შესახებ, რომელთაც გამოიწვიეს მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (Middle East respiratory syndrome, MERS). ამ ცოდნამ დააჩქარა ვაქცინების რამდენიმე ტექნოლოგიის შექმნა 2020 წლის დასაწყისში.[1] SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თავდაპირველად ორიენტირებული იყო სიმპტომატური, ხშირად მწვავედ მიმდინარე ავადმყოფობის თავიდან აცილებაზე.[2] 2020 წლის 10 იანვარს პლატფორმა GISAID-ის საშუალებით გავრცელდა SARS-CoV-2-ის გენეტიკური კვლევის შედეგები და მისი გენეტიკური მიმდევრობა, ხოლო 19 მარტისთვის მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევით ჩაერთო.[3] ვაქცინების როლი COVID‑19-ის გავრცელების, სიმწვავისა და სიკვდილიანობის შემცირებაში ფართოდაა აღიარებული.[4]
კლინიკური კვლევის III მესამე ფაზაში ზოგიერთმა ვაქცინამ 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენა სიმპტომური ინფექციის თავიდან აცილების კუთხით. ამ დროისათვის არსებობს 20 ვაქცინა, რომელიც საზოგადო გამოყენებისთვის ავტორიზებული სულ მცირე ერთი ეროვნული რეგულატორის მიერ: ორი რნმ ვაქცინა (Pfizer–BioNTech და Moderna), ცხრა კონვენციური ინაქტივირებული ვაქცინა (BBIBP-CorV, იგივე სინოფარმი, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვაქცინა, CoronaVac, იგივე სინოვაკი, Covaxin, CoviVac (რუსული COVID-19-ის ვაქცინა, COVIran Barakat, Minhai-Kangtai, QazVac და WIBP-CorV), ხუთი ვექტორული ვაქცინა (Sputnik Light, Sputnik V, Oxford–AstraZeneca, Convidecia და Janssen, მწარმოებელი Johnson & Johnson), ოთხი სუბიუნიტური ვაქცინა (Abdala, EpiVacCorona, MVC-COV1901, Soberana 02 და ZF2001).[5][6] მთლიანობაში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა ვაქცინის 330 კანდიდატი, მათ შორის, 102 არის კლინიკური კვლევების ეტაპზე, რომელთაგანაც 30 I, 30 I–II, 25 III, ხოლო 8 IV ფაზის ცდებს გადის.[5]
ბევრმა ქვეყანამ ვაქცინების განაწილების ფაზირებული სისტემა გამოიყება, რის შედეგადაც მოხდა პრიორიტეტული, გართულებების ან გადადების მაღალი რისკის ჯგუფების გამოვლენა და ვაქცინაცია, როგორიცა მოხუცები და ჯანდაცვის მუშაკები.[7] განიხილება შუალედური, ერთდოზიანი ვაქცინაციის გამოყენებაც, ვიდრე ვაქცინების ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესდება.[8][9][10][11]
სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სააგენტოების მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაკეთებული იყო COVID‑19-ის ვაქცინის 6.31 მილიარდი დოზა.[12] AstraZeneca 2021 წლის ბოლომდე 3 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავს, Pfizer–BioNTech 1.3 მილიარდი დოზისა, ხოლო Sputnik V, Sinopharm, Sinovac და Janssen თითოეული 1 მილიარდი დოზის; Moderna 600 მილიონი დოზის გამოშვებას გეგმავს, ხოლო Convidecia 500 მილიონისა.[13][14] 2020 წლის დეკემბრისთვის სხვადასხვა ქვეყნებმა ვქცინების 10 მილიარდზე მეტი დოზა შეუკვეთეს,[15] რისი ნახევარიც მოდიოდა მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს წარმოადგენენ.[16]