ჰონგ-კონგის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონგ-კონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: კოულუნი, კუნძული ჰონგ-კონგი და ახალი ტერიტორიები. ჰონგ-კონგი სანაპირო ქალაქი და სამხრეთი ჩინეთის უმთავრესი პორტია. რეგიონს ჩრდილოეთიდან გუანდუნის პროვინცია, ხოლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სამხრეთი ჩინეთის ზღვა ესაზღვრება. რეგიონში შემავალი 260 კუნძული და ნახევარკუნძული მარგალიტის მდინარის შესართავთანაა თავმოყრილი. ჰონგ-კონგის რეგიონი არ შედის კონტინენტური ჩინეთის შემადგენლობაში.
ჰონგ-კონგის სახმელეთო საზღვარი 30 კილომეტრი, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 733 კილომეტრია. რეგიონის ფართობი 1,108 კილომეტრს2 მოიცავს, საიდანაც 1 073 კმ2 ხმელეთს, ხოლო 35 კმ2 წყალს უკავია. ჰონგ-კონგის 263 კუნძულის საერთო ფართობი 500 მ2-ია. მათ შორის ფართობით უდიდესია ლანტაუ, რომელიც კოულუნის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ასევე დიდი კუნძულებია: ჰონგ-კონგი, ლამა და პენგ ჩაუ. კუნძული ჰონგ-კონგი კოულუნის ნახევარკუნძულისგან ბუნებრივად ჩამოყალიბებული ვიქტორიას ნავსადგურითაა გამოყოფილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა ბუნებრივად ჩამოყალიბებული საზღვაო პორტია. კუნძულები ახალი ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.
ჰონგ-კონგის ლანდშაფში სანაპიროსგან მოშორებით საკმაოდ მთიანია, გვხვდება ციცაბო ფერდობები. რეგიონის უმაღლესი წერტილია ტაი მო შანი, რომელიც ზღვის დონიდან 958 მეტრზე მდებარეობს და ახალი ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.[1] ახალი ტერიტორიების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვაკე-დაბლობები გვხვდება.
ჰონგ-კონგში მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ2-ზე 6,300 ადამიანია. რეგიონში საცხოვრებელი და ეკონომიკური მიზნებისთვის მეტი სივრცის უზრუნველსაყოფად მიწის სარეკლამაციო პროექტები ჩატარდა, რის შედეგადაც შემცირდა მანძილი ჰონგ-კონგის კუნძულსა და კოულუნის ნახევარკუნძულს შორის. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი კუნძულ ჩეპ ლაპ კოკის ხელოვნურად შექმნილ მიწაზე მდებარეობს.
ჰონგ-კონგი 18 რაიონადაა დაყოფილი, რომელთაც რაიონული საბჭოები მართავენ. მიუხედავად ამისა, საჯარო ტრანსპორტი სრულიად ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე გადაადგილდება და რაიონებს შორის მოგზაურობა არაა შეზღუდული. 2019 წლის მონაცემებით, რაიონებს შორის ყველაზე მრავალრიცხვოვანია შა ტინი.
სახელწოდება „ჰონგ-კონგი“, რომელიც „სურნელოვან ნავსადგურს“ ნიშნავს, მომდინარეობს კუნძულ ჰონგ-კონგზე მდებარე დღევანდელი აბერდენის ტერიტორიიდან, სადაც ძველად სურნელოვანის ხის პროდუქტებითა და საკმევლით ვაჭრობდნენ.[2]
ჰონგ-კონგიდან 60 კილომეტრით დასავლეთით, მარგალიტის მდინარის შესართავის საპირისპირო მხარეს, მაკაოს რეგიონი მდებარეობს. ჰონგ-კონგი და მაკაო ერთმანეთს ჰონგ-კონგი–ჟუჰაი–მაკაოს ხიდის საშუალებით უკავშირდება.
ჰონგ-კონგის ტერიტორიის 40% ეროვნულ პარკებსა და ბუნებრივ ნაკრძალებს უკავია. რეგიონი მრავალფეროვანი ეკოსისტემით გამოირჩევა. ჰონგ-კონგში სისხლძარღვოვანი მცენარეების 300-ზე მეტი სახეობა გვხვდება, რომელთა შორის 300 ენდემური სახეობაა.