From Wikipedia, the free encyclopedia
ჯულია ბიშოპი, ინგლ.Julie Isabel Bishop (დ.1956) - ავსტრალიელი პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ჯულია ბიშოპი | |
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 სექტემბერი 2013 – 28 აგვისტო 2018 | |
წინამორბედი | ბობ კერი |
მემკვიდრე | მერის პეინი |
დაბადებული | 17 ივლისი, 1956 ლობეთალი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალური პარტია |
საქმიანობა | იურისტი |
ჯულია ბიშოპი დაიბადა სამხრეთ ავსტრალიაში, ადელაიდას სიახლოვეს მდებარე ქალაქ ლობეთალში. მან დაამთავრა წმ.პეტრეს სახელობის გოგონათა ანგლიკანური სკოლა, ხოლო იურიდიული განათლება მიიღო ადელაიდის უნივერსიტეტში, სადაც 1978 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალში. 26 წლის ასაკში სხვა პარტნიორებთან ერთად ჯულია ბიშოპმა ჩამოაყალიბა იურიდიული ფირმა. 1983 წელს დაქორწინების შემდეგ იგი პერთში გადასახლდა. 1996 წ. ორთვიანი კურსები გაიარა ბოსტონში მდებარე ჰარვარდის ბიზნეს-სასწავლებელში უმაღლესი მენეჯმენტის განხრით.
1992 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა ლიბერალურ პარტიაში შესვლით. მომდევნო წელს ის პერთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯომარედ აირჩიეს ოთხი წლის ვადით. 1998 წლის ფედერალური არჩევნების წინ შიდაპარტიულ კენჭისყრაში გამარჯვებამ მას პარლამენტისკენ გაუკაფა გზა.
2003 წელს პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოვარდმა ბიშოპი ხანშიშესულ პირთა საქმეების მინისტრად დანიშნა. ის გახდა, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების და ქალთა საქმეების მინისტრი. 2007 წელს ლიბერალურმა პარტიამ მარცხი განიცადა საყოველთაო არჩევნებზე და ხელისუფლება ლეიბორისტებს გადააბარა, რის შემდეგაც ჯულია ბიშოპი ოპოზიციის ლიდერის მოადგილე გახდა. 2009 წელს ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულ ჩრდილოვან კაბინეტში მან დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, რომელიც მან შეინარჩუნა პარტიის ლიდერის შეცვლის შემდეგ. მორიგ ფედერალურ არჩევნებში გამარჯვების შედეგად ჩამოყალიბებულ კაბინეტში ჯულია ბიშოპს 2013 წელს 18 სექტემბერს საგარეო უწყებასთან ერთად ვაჭრობის მინისტრის პოსტიც ჩააბარეს. 19 კაციან მთავრობაში იგი ერთადერთი ქალი-მინისტრი იყო.
წინამორბედი მთავრობის დამსახურებით, ავსტრალიამ ორი წლით დაიკავა ადგილი უშიშროების საბჭოში, რამაც ხელი შეუწყო საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის გააქტიურებას ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში.
2011-17 წლებში ავსტრალიამ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს 6,7 მლრდ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, რითაც ის რეგიონის უმსხვილესი დონორი სახელმწიფო გახდა.[1]
2015 წელს ირანის ბირთვული პროგრამის და ასევე ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის განსახილველად მინისტრი თეირანს ეწვია. ადგილობრივი ნორმების შესაბამისად, ის თავშალით წარდგა მასპინძლების წინაშე, რასაც სამშობლოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ავსტრალია დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა 2014 წელს უკრაინის კონფლიქტის ზონაში მალაიზიური სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიებას, რასაც მისი 41 მოქალაქე შეეწირა. მის მიერ დამოუკიდებელი საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად მიმართული ძალისხმევა გაეროში რუსეთის მხრიდან ვეტოს წააწყდა, რაც ჯულია ბიშოპმა მკაცრად დაგმო. ეს გადაწყვეტილება მან ტრაგედიისას დაღუპული 298 ადამიანის შეურაცხყოფად შეაფასა.
2017 წელს ოფიციალურმა კანბერამ 3,8 მლნ დოლარი გამოყო ბანგლადეშში მიანმარიდან ეთნიკური წმენდის შედეგად როჰინჯას დევნილთა ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამისთვის.
ავსტრალია გამოვიდა ბირთვულ სფეროში ირანთან დადებული შეთანხმებიდან აშშ-ს ცალმხრივად გასვლის წინააღმდეგ. მისი აზრით, დონალდ ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილება შეასუსტებდა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყანასთან არსებული მსგავსი ხელშეკრულება დაირღვეოდა.[2]
11 წლის განმავლობაში ჯულია ბიშოპი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მინისტრად კი მუშაობდა როგორც ტონი ებოტის, ასევე მალკოლმ ტიორნბულის კაბინეტში. 2018 წლის აგვისტოში შიდაამბოხის ფონზე პარტიამ მოქმედი ლიდერი გადააყენა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითვის მიხედვით, ჯულია ბიშოპი ლიბერალთა შორის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო, თუმცა პარტიულმა კოლეგებმა მის ნაცვლად სკოტ მორისონი აირჩიეს, რაც მინისტრის გადადგომის წინაპირობა გახდა. 26 აგვისტოს მან პოსტი დატოვა.[3] წარმავალმა პრემიერმა ქება არ დაიშურა იმ პიროვნების მისამართით, ვინც "ავსტრალიის შესანიშნავი საგარეო საქმეთა მინისტრი" იყო და ქალებისთვის სანიმუშო მოდელს წარმოადგენდა.[4]
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჯულია ბიშოპმა 2019 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრიდა მოახლოეულ არჩევნებზე და, შესაბამისად, პოლიტიკას ტოვებდა.[5]
მალე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის დასაწყისიდან იგი დაიკავებდა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს გადასცა ორდენი დამსახურებისათვის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გარემოებების გამოძიების საქმეში წვლილის შეტანისათვის.
2017 წელს ადელაიდას უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.