ჯო ბაიდენი
შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზეფ რობინეტ „ჯო“ ბაიდენი უმცროსი (ინგლ. Joseph Robinette „Joe” Biden, Jr; დ. 20 ნოემბერი, 1942, სკრეტონი, პენსილვანიის შტატი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2021 წლიდან,[1] რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა. 2009–2017 წლებში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს), ხოლო 1973–2009 წლებში — აშშ-ის სენატორი დელავერიდან.
ჯოზეფ ბაიდენი Joseph Biden | |
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 იანვარი, 2021 |
ვიცე-პრეზიდენტი | კამალა ჰარისი |
წინამორბედი | დონალდ ტრამპი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2009 – 20 იანვარი, 2017 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | დიკ ჩეინი |
მემკვიდრე | მაიკ პენსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1973 – 15 იანვარი, 2009 | |
წინამორბედი | ჯეიმზ კელებ ბოგზი |
მემკვიდრე | ტედ კაფმენი |
დაბადებული | 20 ნოემბერი, 1942 (1942-11-20) (81 წლის) სკრენტონი, პენსილვანია |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ნეილია ჰანტერი (1966-1972) ჯილ ბაიდენი (1977-დღემდე) |
განათლება | დელავერის უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, იურისტი, ავტორი |
რელიგია | კათოლიკე |
ჯილდოები | |
ხელმოწერა | |
საიტი | კამპანიის საიტი |
დაიბადა პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრენტონში;[2]:5 ბავშვობის დიდი ნაწილი ასევე ნიუ-კასლის ოლქშიც (დელავერი) გაატარა. სწავლობდა დელავერის უნივერსიტეტში, სადაც 1965 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა,[3][4]:98 ხოლო 1968 წელს სირაკიუსის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.[5][6] 1970 წელს აირჩიეს ნიუ-კასლის ოლქის საბჭოს წევრად. 1972 წელს გახდა ამერიკის სენატის წევრი დელავერის შტატიდან[7] და მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი ამერიკის ისტორიაში.[8][9] დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, მოგვიანებით — საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.[10] 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ გამოვიდა,[11] თუმცა მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) გაფართოებას და მის ჩარევას იუგოსლავიის ომებში 1990-იან წლებში.[12] 2002 წელს მხარი დაუჭირა რეზოლუციას ერაყთან ომის დაწყების შესახებ,[11] მაგრამ არ დაეთანხმა 2007 წელს ერაყში ამერიკის ჯარის რიცხოვნობის გაზრდას.[11][13] 1987–1995 წლებში ხელმძღვანელობდა ამერიკის სენატის იურიდიულ კომიტეტს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოპოლიტიკის, კრიმინალის აღმოფხვრისა და სამოქალაქო თავისუფლებების საკითხებით. ბაიდენის ძალისხმევით კონგრესმა მიიღო ორი მნიშვნელოვანი კანონი: ძალადობრივი დანაშაულის კონტროლისა და სამართალდაცვის აქტი[14][15] და ქალთა მიმართ ძალადობის აქტი.[16] ზედამხედველობას უწევდა ამერიკის უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების თანამდებობაზე დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ექვს მოსმენას, მათ შორის ორ ყველაზე საკამათოს.[17] პრეზიდენტის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად ორჯერ (1988 და 2008 წლებში) უშედეგოდ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა: პირველად პრეზიდენტობის კანდიდატი ნილ კინოკი გახდა,[18] ხოლო მეორე ჯერზე — ბარაკ ობამა.[19]
ჯო ბაიდენი დელავერის სენატორად ექვსჯერ აირჩიეს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.[20] 2009 წლამდე იგი მეოთხე ყველაზე ხნიერი სენატორი იყო. ობამა და ბაიდენი 2012 წელს ხელახლა აირჩიეს.[21] 2009 წელს, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დასაძლევად ზედამხედველობდა აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმას.[22] 2010 წელს რესპუბლიკელებთან მისი მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა გადასახადების შემსუბუქების კანონის მიღება, რომელმაც ქვეყანა საგადასახადო ჩიხიდან გამოიყვანა. 2011 წელს მისი ძალისხმევით მიიღეს საბიუჯეტო კონტროლის კანონი, რომელმაც ვალის მაქსიმალური ზღვრის კრიზისი გადაჭრა,[23][24][25] 2012 წელს ძალაში შევიდა გადასახადის გადამხდელთათვის საშეღავათო კანონი, რომელიც მიმართული იყო მოახლოებული ე. წ. „ფისკალური კლდის“ წინააღმდეგ.[26][27] ბაიდენი ხელმძღვანელობდა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას,[28][29] მხარს უჭერდა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას,[30] ერაყიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის გზით დახმარება გაუწია ერაყის მიმართ ამერიკის პოლიტიკის ფორმულირებას.[31] 2012 წელს სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ ხელმძღვანელობდა იარაღით ძალადობის შემსწავლელ სპეციალურ კომისიას.[32] 2017 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.[33][34] დაჯილდოებულია საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2009 წლის ვიზიტის დროს).[⇨]
2019 წლის აპრილში ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში (კამპანია 25 აპრილს დაიწყო).[35] 2020 წლის ივნისში, არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო დემოკრატიული პარტიის დელეგატთა მხარდაჭერის ბარიერს მიაღწია.[36] 11 აგვისტოს კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი თავისი საპრეზიდენტო მარათონის მეწყვილედ (ანუ მომავალ ვიცე-პრეზიდენტად) გამოაცხადა.[37] მან საარჩევნო კოლეგიის 306 დელეგატის ხმა მოაგროვა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გახდა. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2021 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ.[38]