ხამურაბის კანონები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხამურაბის კანონები — შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVIII საუკუნეში.
ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.
ამრიგად, აშკარაა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება „nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე“. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაბის კანონები იყო. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაირი თეორიული ნაწარმოები, მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების ნაყოფი. ისეთი შემთხვევა როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა, საერთოდ არაა ნახსენები. ასეთ საქმეებზე განაჩენი ჩვეულების საფუძველზე გამოჰქონდათ. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც „ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება“.
ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაბის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისათვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ „ტალიონის პრინციპით“, ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.
ხამურაბის კანონები ძველი მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად, მას სწავლობდნენ შემდეგი თაობების იურისტები და იგი საფუძვლად ედო შემდეგ შექმნილ კანონებს. ჩვენამდე ხამურაბის კანონების ტექსტის 40-მა ეგზემპლარმა მოაღწია.