ჩხავერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩხავერი, ჩხაველი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
„ჩხა“ ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას ეწოდება. რადგანაც ჩხავერის ყურძენს მოსახლეობა საზამთროდ ასეთი აჭრილი რქებით ინახავდა, გამორიცხული არ არის, რომ ვაზს სახელწოდებაც აქედან მიეღო.
გავრცელებულია გურიაში, ასევე მცირედ ქედისსა და ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
წარსულში ჩხავერი ფართოდ იყო გავრცელებული გურიის მხარის თითქმის ყველა სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა მისგან მაღალხარისხიან ღვინოს ამზადებდა, რომელიც გამოირჩეოდა სინაზით, გემოვნებითა და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩხავერი 14 ჰექტარზე გააშენეს და ამგვარად, გადაშენებას გადაარჩინეს. ჯიშის აღდგენის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.