შტრიხკოდი
From Wikipedia, the free encyclopedia
შტრიხკოდი[1], შტრიხ-კოდი[2] (ინგლ. barcode, bar code) — გრაფიკული ინფორმაცია, რომელიც დაიტანება პროდუქტის ან ნაწარმის შეფუთვაზე, რაც შემდგომში შესაძლებელს ხდის მის წაკითხვას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს, როგორც შავ-თეთრი ზოლების, ასევე სხვა გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობასაც.
თავდაპირველად, შტრიხკოდები წარმოადგენდნენ მონაცემებს პარალელური ხაზების სიგანეების, ინტერვალის და ზომის ცვლილებით. ამ შტრიხკოდებს, რომლებსაც ახლა ჩვეულებრივ უწოდებენ ხაზოვან ან ერთგანზომილებიან (1D). მოგვიანებით შემუშავდა ორგანზომილებიანი (2D) ვარიანტები მართკუთხედების, წერტილების, ექვსკუთხედების და სხვა ფიგურების გამოყენებით. აღნიშნული შტრიხკოდები დამკვიდრდა 2D შტრიხკოდებისა და მატრიცული კოდების სახელწოდებებით. ორივეს წაკითხვა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი 2D ოპტიკური სკანერების გამოყენებით. მატრიცული კოდების წაკითხვა ასევე შესაძლებელია ციფრული კამერითაც, რომელიც დაკავშირებულია მიკროკომპიუტერთან, ამუშავებს რა შტრიხკოდის ფოტოგრაფიულ სურათს, აანალიზებს სურათს კოდის დეკონსტრუქციისა და გაშიფვრის მიზნით. თანამედროვე მობილურ მოწყობილობებს, როგორიცაა სმარტფონი, შეუძლია წაიკითხოს შტრიხკოდებში დაშიფრული ინფორმაცია ამ უკანასკნელის სპეციალიზებული აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
შტრიხკოდი გამოიგონეს და დააპატენტეს ნორმან ჯოზეფ ვუდლენდმა და ბერნარდ სილვერმა აშშ-ში 1952 წელს.[3] გამოგონება ეფუძნებოდა მორზეს კოდს, რომელიც გაფართოვდა თხელ და სქელ ზოლებზე.[4] თუმცა, ოც წელზე მეტი დასჭირდა, სანამ ეს გამოგონება კომერციულად წარმატებული გახდებოდა. 1962 წლის ჟურნალი Modern Railways წერდა, თუ როგორ სრულყო ინგლისის რკინიგზამ შტრიხკოდების წაკითხვის სისტემა. სხვა ტიპის შტრიხკოდის ადრეული გამოყენება ინდუსტრიაში დანერგილი იყო ამერიკის რკინიგზის ასოციაციის მიერ 1960-იანი წლების ბოლოს. კომპანია GTE-ს მიერ შემუშავებული ავტომატური მანქანის იდენტიფიკაცია, მოიცავდა ფერადი ზოლების განთავსებას სხვადასხვა კომბინაციებში ფოლადის ფირფიტებზე, რომლებიც მიმაგრებული იყო რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გვერდებზე. თითო მანქანაზე გამოყენებული იყო ორი ფირფიტა, თითო თითო მხარეს, ფერადი ზოლების განლაგებით, რომელიც შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა საკუთრება, აღჭურვილობის ტიპი და საიდენტიფიკაციო ნომერი.[5] ფირფიტები იკითხებოდა რკინიგზის ხაზზე გვერდით დამონტაჟებული წამკითხველით.[6] ათი წლის შემდეგ პროექტი შეჩერებულ იქნა, რადგან სისტემა არასანდო აღმოჩნდა ხანგრძლივი გამოყენებისათვის.[5]
1969 წელს შეიქმნა სურსათის პროდუქტების უნივერალური კოდის შესაქმნელად სპეციალური კომიტეტი. შტრიხკოდები კომერციულად წარმატებული გახდა მას შემდეგ, როცა ისინი გამოიყენეს სუპერმარკეტების შეკვეთის სისტემის ავტომატიზაციისთვის, ამოცანა, რომლისთვისაც ის თითქმის უნივერსალური გახდა. 1973 წელს სურსათის პროდუქტების ერთიანი კოდის საბჭომ [ინგლ. Uniform Grocery Code Council (UGPCC)] აირჩია ჯორჯ ლორერის მიერ შემუშავებული შტრიხკოდის დიზაინი. ლორერის შტრიხკოდი, ვერტიკალური ზოლებით, უფრო კარგად იბეჭდება, ვიდრე ვუდლანდისა და სილვერის მიერ შემუშავებული წრიული შტრიხკოდი.[7] მათი გამოყენება გავრცელდა ბევრ სხვა ამოცანებზე, რომლებიც ზოგადად მოიხსენიება როგორც ავტომატური იდენტიფიკაცია და მონაცემთა აღება (AIDC). პირველი წარმატებული სისტემა შტრიხკოდების გამოყენებით მოეწყო 1972 წელს ინგლისის სუპერმარკეტების საინსბურის ქსელში, თაროზე დამონტაჟებული შტრიხკოდების გამოყენებით, რომლებიც შემუშავებული იყო პლესის მიერ.[8] 1974 წლის ივნისში, მარშის სუპერმარკეტმა ტროაში, გამოიყენა Photographic Sciences Corporation-ის მიერ დამზადებული სკანერი Wrigley's საღეჭი რეზინის შეფუთვაზე უნივერსალური პროდუქტის კოდის (UPC) შტრიხკოდის სკანირებისთვის.[9] ბოლო დროს სმარტფონების ზრდის გამო, ძალიან პოპულარული გახდა 2D შტრიხკოდების სპეციფიკური ტიპი — QR კოდები.[10]