From Wikipedia, the free encyclopedia
შოტლანდიური ეროვნული გალერეა (ადრე ცნობილი როგორც შოტლანდიის ეროვნული გალერეა) - შოტლანდიის ხელოვნების ეროვნული გალერეა. მდებარეობს მაუნდში, ედინბურგის ცენტრში, პრინსეს-სტრიტზე. გალერეის შენობა უილიამ ჰენრი პლეიფერის მიერ ნეოკლასიკურ სტილშია აგებული. პირველად 1859 წელს გაიხსნა.[2]
შოტლანდიური ეროვნული გალერეა | |
---|---|
ინგლ. Scottish National Gallery | |
55°57′03″ ჩ. გ. 3°11′44″ დ. გ. | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
მდებარეობა | City of Edinburgh |
ოფიციალური საიტი | https://www.nationalgalleries.org/visit/scottish-national-gallery[1] |
გალერეაში დაცულია შოტლანდიის სახვითი ხელოვნების ეროვნული კოლექცია, რომელიც შოტლანდიურთან ერთად საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს რენესანსიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.
შოტლანდიური ეროვნული გალერეა შოტლანდიის ეროვნული გალერეების მიერ იმართება, რომელიც შოტლანდიის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ გალერეასა და შოტლანდიის პორტრეტების ეროვნულ გალერეასაც აერთიანებს. არქიტექტურული მსგავსების გამო, შოტლანდიის ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს ხშირად მახლობლად მდებარე სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობაში ერევათ.[3]
შოტლანდიის ეროვნული კოლექციის წარმოშობა შოტლანდიაში სახვითი ხელოვნების წახალისებისთვის დაფუძნებულ სამეფო ინსტიტუტთანაა დაკავშირებული, რომელიც 1819 წელს დაარსდა. ინსტიტუტმა ნახატების შეგროვება დაიწყო და 1828 წელს სამეფო ინსტიტუტის შენობა მაუნდზე გაიხსნა. 1826 წელს ხელოვანთა ჯგუფმა, რომლებიც სამეფო ინსტიტუტის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო, შოტლანდიური აკადემია დააარსა, რომელსაც 1838 წელს სამეფო შოტლანდიური აკადემია ეწოდა. სამეფო შოტლანდიური აკადემიის მთავარი მიზანი ეროვნული კოლექციის შექმნა გახდა. აკადემიამ კოლექციის შექმნა დაიწყო და 1835 წელს სამეფო ინსტიტუტის შენობაში საგამოფენო სივრცე იქირავა.[2]
1840-იან წლებში სამეფო შოტლანდიური აკადემიის ახალი შენობისთვის პროექტი შოტლანდიელმა არქიტექტორმა, უილიამ ჰენრი პლეიფერმა შეიმუშავა. 1850 წლის 30 აგვისტოს მშენებლობას პრინცმა ალბერტმა ჩაუყარა საფუძველი. შენობა თავიდანვე ორ ნაწილად იყო გაყოფილი: აღმოსავლეთ ფრთაში სამეფო შოტლანდიური აკადემიის გალერეები განთავსდა, ხოლო დასავლეთ ნახევარში შოტლანდიის ეროვნული გალერეა, რომელის სამეფო ინსტიტუტის კოლექციის საფუძველზე შეიქმნა.[2] ეროვნული გალერეა ოფიციალურად 1859 წელს დაარსდა. 1912 წელს სამეფო შოტლანდიური აკადემია სამეფო ინსტიტუტის შენობაში გადავიდა, რომელსაც სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობა ეწოდა.
XXI საუკუნეში ეროვნულმა გალერეებმა პლეიფერის პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პრინსეს-სტრიტის ბაღებიდან ეროვნულ გალერეაში ახალი შესასვლელის და გალერეისა და განახლებული სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობის ვესტონის მიწისქვეშა გასასვლელით დაკავშირებას გულისხმობდა. მიწისქვეშა სივრცე 2004 წელს გაიხსნა.[4]
2012 წელს გალერეის ქოლგა-ორგანიზაციის, შოტლანდიის ეროვნული გალერეების, რებრენდინგის შემდეგ გალერეას სახელი გადაერქვა და შოტლანდიური ეროვნული გალერეა ეწოდა.[5][6]
უილიამ პლეიფეირის შენობა, მეზობლად მდებარე სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობის მსგავსად, ანტიკური ბერძნული ტაძრის დიზაინითაა შექმნილი. უილიამ პლეიფეირის დიზაინით, სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობა დორიული ორდერის მიხედვით აიგო, ხოლო ეროვნული გალერეის შენობა იონური ორდერის მიხედვით. შენობის აღმოსავლეთ ნაწილში სამეფო შოტლანდიური აკადემიის გალერეები განთავსდა, ხოლო დასავლეთ ნაწილში ეროვნული გალერეა.[3][7]
პლეიფეირს გალერეის შენობაზე მუშაობა უფრო ნაკლები ბიუჯეტით მოუწია, ვიდრე სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობის პროექტზე. სავარაუდოდ, არქეტექტორის შთაგონების წყარო არჩიბალდ ელიოტ II-ის მიერ 1829 წელს შექმნილი სქემა უნდა ყოფილიყო. ეროვნული გალერეის გეგმას ჯვრის ფორმა აქვს. თავდაპირველად, კუთხეებში კოშკების აშენება იგეგმებოდა, თუმცა პროექტის მსვლელობისას კოშკების აგება გადაიფიქრეს. მას შემდეგ, რაც სამეფო შოტლანდიური აკადემია ყოფილი სამეფო ინსტიტუტის შენობაში გადავიდა (1912), უილიამ თომას ოლდრივმა შოტლანდიური ეროვნული გალერეის ინტერიერის რემოდელირება მოახდინა, რათა კოლექციები შესაბამისად გამოეფინათ.[7]
1970-იან წლებში, როდესაც გალერეა გარემოს განყოფილების დაქვემდებარებაში იყო, შიდა სივრცე გაფართოვდა. 1972 წელს შენობის სამხრეთ ნაწილში მესამე სართული დაემატა, ხუთი ახალი გალერეა შეიქმნა და 1978 წელს შოტლანდიური კოლექციის განსათავსებლად ახალი გალერეა გაიხსნა სარდაფში.[7][8]
2004 წელს გალერეაში პრინსეს-სტრიტის ბაღებიდან შესასვლელი და მიწისქვეშა სივრცე გაიხსნა, რომელიც ჯონ მილერისა და პარტნიორების მიერ იყო დაპროექტებული. მშენებლობას 5 წელი და 32 მილიონი გირვანქა სტერლინგი დასჭირდა. სივრცე სალექციო თეატრს, საგანმანათლებლო სივრცეს, მაღაზიას, რესტორანს, ინტერაქტიულ გალერეასა და სამეფო შოტლანდიური აკადემიის შენობასთან გვირაბს მოიცავს.[2][9]
2019 წელს ქვედა საგამოფენო სივრცის გაფართოების პროექტი დაიწყო. გეგმის მიხედვით, პრინსეს-სტრიტის ბაღებიდან შესასვლელი გალერეის მთავარი შესასვლელი უნდა გახდეს და ბაღებსი აღმოსავლეთი ნაწილის ლანდშაფტიც უნდა შეიცვალოს.[10][11] ნაგებობის ნაწილში აზბესტის აღმოჩენისა და კორონავირუსის პანდემიის გამო რეკონსტრუქცია სულ ცოტა 2022 წლის ბოლომდე გადაიდო.[12][13]
შოტლანდიური ეროვნული გალერეის საკვლევ დაწესებულებებს შორისაა შრიფტებისა და ჩანახატების კოლექცია, რომელიც 30 000-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს ადრეული რენესანსიდან მოყოლებლი გვიანი XIX საუკუნის ჩათვლით. კვლევითი ბიბლიოთეკა 1300-1900 წლებში შექმნილი წიგნების, ჟურნალებისა და სხვა დოკუმენტების 50 000-ზე მეტ ტომს მოიცავს, ისევე როგორც საარქივო მასალებს ეროვნული გალერეის ისტორიის, გამოფენებისა და კოლექციების შესახებ.
შოტლანდიური ეროვნული გალერეის ქვაკუთხედს სამეფო შოტლანდიური აკადემიიდან გადატანილი ნახატები შეადგენს, მათ შორისაა, ჯაკოპო ბასანოს, ენტონი ვან დაიკისა და ჯანბატისტა ტიეპოლოს ნახატები. გალერეის მთავარ ოთახებში ფართო ტილოებია გამოხატული, მათ შორის, ბენჯამინ ვესტის „ალექსანდრე III შოტლანდიელი“ (1786), პეტერ პაულ რუბენსის „ჰეროდეს ნადიმი“ (1633 ან 1637-1638) და ტიციანის ნახატები: „დიანა და აქტეონი“ და „დიანა და კალისტო“ (შეძენილ იქნა ლონდონის ეროვნულ გალერეასთან ერთად). ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმთან ერთად შოტლანდიურმა ეროვნულმა გალერეამ ანტონიო კანოვას „სამი გრაციაც“ შეიძინა.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.