ყინულის ჰოკეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყინულის ჰოკეი — გუნდური სპორტი, რომელსაც თამაშობენ ყინულზე. ყინულის ჰოკეიში ციგურებზე მდგომი მოთამაშის მიზანია ხის ან კომპოზიტური მასალის ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს მყარი რეზინის შაიბა. ამერიკასა და კანადაში, სადაც ეს სპორტი ძალიან პოპულარულია, მას იხსენიებენ, როგორც უბრალოდ „ჰოკეი“; თუმცა, სრულ სახელს, „ყინულის ჰოკეი“, იყენებენ უმაღლესი საერთაშორისო ორგანოსა (IIHF) და მისი წევრი ქვეყნების უმეტესობაში. ამ სახელმწიფოებში სიტყვით — ჰოკეი, ძირითადად, მოიხსენიება სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა ბალახის და გორგოლაჭებიანი ჰოკეი.
საერთაშორისო მატჩი უნგრეთისა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის | |
უმაღლესი ორგანო | IIHF |
---|---|
მეტსახელი | „ყველაზე სწრაფი თამაში დედამიწაზე“ |
პირველი თამაში | XIX საუკუნე, კანადა |
მახასიათებლები | |
ტიპი | კონტაქტური |
წევრები | 6 წევრი გუნდში (მეკარის ჩათვლით) |
შერეული სქესი | კი |
კატეგორიზაცია |
გუნდური სპორტი ზამთრის სპორტი |
აღჭურვილობა |
შაიბა ყვანჭი ციგურები |
ოლიმპიადა |
1920 1924-დან დღემდე |
ქვეყანა/რეგიონი | მსოფლიოს მასშტაბით |
თამაში იმართება ორ გუნდს შორის, რომლებშიც ექვსი (ხუთი მოციგურავე და ერთი მეკარე) მოთამაშეა. გუნდში ჩვეულებრივ ირიცხება ოთხი მოთამაშე თითოეულ შემტევ პოზიციაზე (ცენტრი, მარცხენა შემტევი და მარჯვენა შემტევი), მცველთა სამი წყვილი და ორი მეკარე. თამაშისას თითოეული გუნდის ხუთი მოციგურავე ცდილობს შაიბა გაიტანოს მეტოქის კარში. ყოველ გუნდს ჰყავს ერთი მეკარე, რომლის მიზანია, არ გაუშვას შაიბა საკუთარი გუნდის კარში.
ყინულის ჰოკეი ყველაზე პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკასა (ძირითადად აშშ-სა და კანადაში) და ევროპაში, სადაც საკმარისად ცივა, რათა ბუნებრივად ჩამოყალიბდეს ყინულის მტკიცე ფენა. ჰოკეის ხელოვნური მოედნების მოწყობა თავიდან გართობის მიზნით დაიწყეს. ჩრდილოეთ ამერიკაში ნაციონალური ჰოკეის ლიგა (NHL) მამაკაცთა შორის გამართული უმაღლესი დონის და ყველაზე პოპულარული ჩემპიონატია. ყინულის ჰოკეი სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება კანადაში,[1] სადაც ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
ჰოკეის პირველი ორგანიზებული შეხვედრა 1875 წლის 3 მარტს კანადის ქალაქ მონრეალში გაიმართა.
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) 72 წევრი ქვეყნიდან დღემდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატების 177 მედლიდან 162 შემდეგ შვიდ ქვეყანას აქვს მოპოვებული: კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და აშშ.[2][3] ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშებული 66 მედლიდან მხოლოდ 6 არ მოუპოვებიათ ამ სახელმწიფოებს. ყველა საერთაშორისო (12 ოლიმპიური და 36 მსოფლიო ჩემპიონატების) მედალი ქალთა შორის აღებული აქვს ამ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთს, ხოლო ოქრო მხოლოდ კანადასა და ამერიკას.[4][5]