From Wikipedia, the free encyclopedia
ქუნტა ჰაჯი ქიშიევი (დ. 1830, აული ღუნხო, დაღესტანი — გ. 19 მაისი, 1867, ვოლოგდის ოლქი) — ანდიური წარმოშობის ჩეჩენი რელიგიური მოღვაწე, ქუნტა-ჰაჯი ვირდის სუფიური მოძრაობის დამაარსებელი.
დაიბადა დაღესტანში, ანდიურ აულ ღუნხოში, თუმცა მისი ჩეჩენი ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ ქუნტა ჰაჯი ქიშიევის დაბადების ადგილია ბარის ჩეჩნეთის სოფელი მელჩა-ხი. ყოველ შემთხვევაში, ეროვნებით იგი ჩეჩენი არ ყოფილა. ქუნტა ჰაჯის ნამდვილი სახელია აჰმადი, ხოლო „ქუნტა“ ანდიურ ენაზე ნიშნავს „ვაჟკაცს“. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუნტა-ჰაჯის მამა ქიში მწყემსად ედგა ჩეჩნებს. თავიდან ქუნტა-ჰაჯიც მწყემსი იყო. 18 წლისა იგი მექაში წავიდა ჰაჯის რიტუალის აღსასრულებლად და იქ გაეცნო ყადირიას სუფიური ორდენის მოძღვრებას, მიიღო უმაღლესი მუსლიმანური განათლება და ჩეჩნეთში დაბრუნდა.
ქუნტა-ჰაჯის რელიგიური მოღვაწეობის დაწყება ემთხვევა შამილის საიმამოს არსებობის ბოლო წლებს. აღსანიშნავია, რომ თავად შამილი ნაყშბანდიას სუფიური ორდენის წევრი იყო და ქუნტა-ჰაჯის მოძღვრებას დიდად ეწინააღმდეგებოდა. დავძენთ იმასაც, რომ თუ ნაყშბანდიას ორდენის მოძღვრება მოითხოვს მუსლიმანის ღაზავათში მონაწილეობას, ქუნტა-ჰაჯი ვირდი პაციფიზმს ქადაგებს. ქუნტა ჰაჯის მიაჩნდა, რომ მუსლიმანისთვის მთავარია მშვიდობის სიყვარული და ალაჰთან ხშირი ურთიერთობა. „ალაჰთან ურთიერთობაში“ იგი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა ზიქრს, ანუ რიტუალურ წრიულ მოძრაობას, რომლის დროსაც მორწმუნეები 100-ჯერ, სიმღერით იმეორებენ „ლა ილაჰა ილალაჰ“. ქუნტა–ჰაჯის იდეოლოგია იდევნებოდა რუსეთის ცარისტული პოლიტიკის მიერ, 1861 წელს კუნტა–ჰაჯი დააპატიმრეს და ნოვოჩერკასკში გადაასახლეს. მის დაპატიმრებას მოყვა მშვიდობიანი მანიფესტაცია კუნტა–ჰაჯის განთავისუფლების მოთხოვნით. დერვიშებმა დ ამიურიდებმა, კუნტა–ჰაჯის იდეურმა მოწაფეებმა იარაღი დაყარეს და სოფელ შალისთან, რუსეთის არმიის წინ არაძალადობრიბი წინააღმდეგობის დემონსტრაცია მოახდინეს. 1861 წლის 18 იანვარს, სოფელ შალისთან რუსეთის არმია სასტიკათ გაუსწორდა მშვიდებიან მანიფესტანტებს, კუნტა–ჰაჯის მოძღვრების მიმდევრებს. დაღუპულთაგან დიდი ნაწილი ქალი იყო. ეს მოვლენა ისტორიაში შესულია როგორც შალის საქმე.
ქუნტა ჰაჯის მოძღვრება, რომელსაც „ქუნტა-ჰაჯი ვირდს“ უწოდებენ, მთელ ჩეჩნეთში ფართოდ გავრცელდა 1870 წლიდან, როცა თავად ქუნტა-ჰაჯი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი იდეები არ მიიღეს ინგუშეთში და თავდაპირველად ასევე საქართველოში, პანკისის ხეობის ქისტურ სოფლებში, თუმცა 1905-1907 წლების რევოლუციური სიტუაციის დროს ცარიზმის აგენტებმა პანკისელ ქისტთა შორის აქტიურად იმუშავეს, რომ მათში ქუნტა-ჰაჯი ვირდის მოძღვრება საყოველთაოდ გავრცელებულიყო და ამის შედეგად, იქ აჯანყების საფრთხე თავიდან აეცილებინათ. დღესდღეობით, ქუნტა-ჰაჯი ვირდის მიურიდია ჩეჩენთა დიდი ნაწილი, ნაწილობრივ ინგუშები და პანკისელი ქისტები. ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების ყოფილი მეთაური, აჰმად-ჰაჯი ყადიროვი ქუნტა-ჰაჯი ტარიკათის ლიდერი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.