ქრისტეს სუდარა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტეს სუდარა (აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. ახალ აღთქმაში ქრისტეს მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორც ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს.