ფრესკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრესკა (იტალ. fresco — ახალი, ცინცხალი) — ფერწერის სახეობა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას იკეთებს გამჭვირვალე, კრისტალური კალციუმის აფსკს, რის გამოც ნახატი მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს. ფრესკის ტექნიკით ასრულებენ მონუმენტური ფერწერის კომპოზიციებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არქიტექტურასთან. ფრესკა კედლის მხატვრობის ძირითადი ტექნიკაა. ფრესკის საფუძველი ანუ ბათქაში შედგება ჩამქრალი კირისაგან, რომელსაც მცირე რაოდენობით ქვიშას, მარმარილოს ფხვნილსა და დანაყილ აგურს ურევენ. ზოგჯერ მეტი სიმყარისათვის უმატებენ სელს, ლეღვის წვენს, რაიმე ქონს და სხვა მასალას. ფრესკაში გამოიყენება საღებავები, რომლებიც კირს არ უერთდება. ფრესკის საღებავების პალიტრა მრავალფეროვანი არ არის. უმთავრესად იყენებენ ნატურალურ პიგმენტებს (ჟანგმიწა, უმბრა, კობალტი და ა. შ.), აგრეთვე სინგურს.საღებავებს ურევენ წებოს. ფრესკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ტონების მთელი მრავალფეროვნება. ამასთან, ოსტატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შელესილობის გაშრობის შემდეგ საღებავები ბაცდება. საკუთრივ ფრესკის გარდა ცნობილია მისი ნაირსახეობა — მშრალ ბათქაშზე შესრულებულის მოხატულობა (ა სეკო).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრესკა (ალმანახი). |
ამჟამად ფრესკას უწოდებენ ნებისმიერი სახის კედლის მოხატულობას, განურჩევლად ტექნიკისა (ა სეკო, ტემპერა, ზეთით ან აკრილით ხატვა და მისთ.). ფრესკის ტექნიკის გამოსარჩევად ხშირად იყენებენ ტერმინს „წმინდა ფრესკა“.
ფრესკის ტექნიკის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ეგეოსის კულტურის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეული) ამ ტექნიკას ფართო გამოყენება ჰქონდა. საჭირო მასალის ხელმისაწვდომობამ და ფერწერის ტექნიკის შედარებითმა სიმარტივემ, ასევე გამოსახულების შენახვის ხანგრძლივობამ განაპირობა ანტიკურ სამყაროში ფრესკული ფერწერის პოპულარობა. სავარაუდოდ იგივე მიზეზთა გამო, ქრისტიანულ ხელოვნებაში ფრესკა ტაძრების ქვის კედლების მოხატვის რჩეული საშუალება გახდა.