From Wikipedia, the free encyclopedia
ფოტოაპარატი, ფოტოკამერა — შუქმგრძნობიარე შრეზე ან ელექტრონულ სენსორზე, ფოტოგრაფირებული ობიექტის ვიზუალურ გამოსახულებათა მისაღები ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობა.
დანიშნულების მიხედვით ფოტოაპარატი არის პროფესიონალური, ნახევრადპროფესიონალური, მოყვარულთა და სპეციალური. პროფესიონალურ, ნახევრადპროფესიონალურ და მოყვარულთა ფოტოაპარატებს იყენებენ ადამიანთა ჯგუფის, პორტრეტისა და პეიზაჟის გადასაღებად, სპეციალურ ფოტოაპარატებს კი — ფოტოტექნიკური სამუშაოებისათვის, აეროფოტოგადაღების, მიკროგადაღებისა და გადაღების სხვა სპეციალური სახეობებისათვის. მიღებულ გამოსახულებათა ზომების (კადრის ფორმატის) მიხედვით ფოტოკამერები არის მინიატურული (13X17 მმ), ნახევარფორმატიანი (18X24 მმ), მცირეფორმატიანი (28X28 და 24X36 მმ), საშუალოფორმატიანი (45X60-დან და 60X90 მმ) და ფართოფორმატიანი (90X120 მმ და მეტი). ფოტოაპარატის შედგება ძირითადი და დამხმარე ნაწილებისაგან. ძირითადია: შუქშეუღწევადი კამერა, ღიობი სინათლის შესასვლელად, შუქმგრძნობიარე ზედაპირი, ხედის მაძიებელი, ფოტოგრაფიული საკეტი.
ფირიან აპარატებს ციფრული აპარატებისაგან განსხვავებით შუქშეუღწევადი კამერაზე ჰქონდათ: ფოტოფირის გადასახვევი მექანიზმი, კადრების მრიცხველი, ავტოსასხლეტი, სინქროკონტაქტორი, ექსპონომეტრი და სხვა.
ნებისმიერი ფოტოგადაღება დაკავშირებულია სინათლის სხივთან, იქნება ეს ფოტოგრაფილული ლინზის გამოყენებით მიღებული თუ ლინზის გარეშე. ფოტოგრაფია დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ დახურულ სივრცეში ორ საპირისპირო ზედაპირს შორის თუ ერთერთზე გაიხსნებოდა სარქველი, მაშინ გარედან შემოსული სინათლე, საპირისპირო ზედაპირზე გამოსახავდა გარედან შემოსული გამოსახულების ამოტრიალებულ მაგრამ ზუსტად იგივე გამოსახულებას. შემდგომ, ადამიანმა ისწავლა ამ ტექნიკის მოთოკვა და დაიწყო მისი მცირე ყუთებში გამოყენება. ასე გაჩნდა პირველი ფოტოკამერა რომელსაც კამერა-ობსკურა დაერქვა. მოყვარული ფოტოგრაფები დღესაც მისდევენ ფოტოგრაფიული ობიექტივის გარეშე ფოტოგადაღებას. ეს აპარატი პინჰოლის (ინგლ. Pinhole) სახელითაა ცნობილი.
ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოკამერების გარდა აბსოლუტურად ყველა აპარატი დღესდღეობით სინათლის სხივის გარდასატეხად ფოტოგრაფიულ ობიექტივს იყენებს. ფოტოგრაფიული ობიექტივი წარმოადგენს რამდენიმე ლინზის ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც აღმოფხვრილია ლინზის ოპტიკური ხარვეზები და შუქმგრძნობიარე ბრტყელ ზედაპირზე სუფთა გამოსახულების დაიტანება.
ფოტოპროცესები სხვადასხვაა ქიმიურზედაპირიან და სენსორულზედაპირიან კამერებში. მართალია ორივე ზედაპირს სინათლის სხივი ამუშავებს, მაგრამ ხარისხის სხვაობა მდგომარეობს იმაში რომ ქიმიური პროცესების დროს, სინათლის სხივის უმცირესი ნაწილი ფოტონი ახდენს ზემოქმედებას ქიმიურად დამუშავებული ზედაპირის თითოეულ შუქმგრძნობიარე ვერცხლის ჰალოგენიდებზე, ხოლო ციფრულ ფოტოკამერებში კი სინათლის სხივი ააქტიურებს ელექტრონულ სენსორზე სპეციალურად განლაგებულ უმცირეს ფოტოელემენტებს, გარდაქმნის ელექტრონულ იმპულსებად და გზავნის ციფრული ფოტოკამერის პროცესორთან. მიღებული ფოტოს ხარისხი ამ ორი განსხვავებული ტიპის ფოაპარატით განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ერთი მხრივ ქიმიური პროცესების შემთხვევაში შუქმგრძნობიარე შრის მისაღებად გამოყენებულ ქიმურ პროცესზე და მეორე მხრივ – ციფრული ფოტოკამერის შემთხვევაში, სენსორის ზედაპირზე ფოტოელემენტების რაოდენობაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.