ფორმულა ერთის სეზონი 1994
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმულა ერთის 1994 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 45-ე სეზონი. იგი 1994 წლის 27 მარტს დაიწყო, და 16 ეტაპის შემდეგ, 13 ნოემბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილზე „უილიამსის“ მრბოლელი, დეიმონ ჰილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ფერარის“ პილოტმა, გერჰარდ ბერგერმა დაიკავა. შუმახერი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა, რომელიც Ford-ის ძრავებს იყენებდა, შესაბამისად იგი უკანასკნელი ჩემპიონია, რომლის ბოლიდს Ford-ის ძრავი ჰქონდა.[1] კონსტრუქტორების ჩემპიონატი „უილიამსმა“ მოიგო.
1994 წლის სეზონი ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სკანდალური აღმოჩნდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპზე, სან-მარინოს გრან-პრიზე, ავარიების შედეგად დაიღუპნენ ავსტრიელი ახალბედა როლანდ რატცენბერგერი, და ბრაზილიელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, აირტონ სენა. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში მომხდარი ავარიების შედეგად დაშავდნენ როგორც პილოტები, ასევე მექანიკოსები, მაყურებლები და მარშალები.[2] ფია-მ შემდგომში უამრავი ცვლილება განახორციელა, რათა სპორტი უფრო უსაფრთხო გაეხადა.
1993 წლის ჩემპიონმა, ალენ პროსტმა, თავისი ტიტულის დაცვაზე უარი თქვა და სპორტიდან წავიდა.[3] 1994 წლის სეზონი უკანასკნელი იყო „ლოტუსისთვის“, რომელიც ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტში პირველად დაბრუნდა Mercedes-Benz, ამჯერად შვეიცარიული გუნდის, „ზაუბერის“ ტექნიკური პარტნიორის სახით. სეზონში 1990 წლიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა „ფერარიმ“, სანამ „მაკლარენმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი სეზონი გაატარა მოგების გარეშე. 1994 წელს სპორტში მონაწილეობა 46-მა პილოტმა მიიღო, მათგან 14-მა თავისი დებიუტი ჩაატარა. პილოტებს შორის ბევრი ე.წ „რენტა-დრაივერი“ იყო.