ფედერიკო გარსია ლორკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფედერიკო გარსია ლორკა (ესპ. Federico García Lorca) (დ. 5 ივნისი, 1898 — გ. 19 აგვისტო, 1936)— ესპანელი პოეტი და დრამატურგი,
დაიბადა 1898 წლის 5 ივნისს ანდალუსიის, გრანადის პროვინციის, სოფელ ფუენტე ვაკეროში. 1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები Impresiones y Paisajes და Libro de Poemas (თუმცა მისი დაბეჭდვა მხოლოდ 1921 წელს მოახერხა). დაუახლოვდა გრანადის მაშინდელ ინტელექტუალებს და ხელოვანებს. მასზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა მანუელ დე ფალამ. 1919 ბინა დაიდო მადრიდის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში (Residencia de Estudiante de Madrid). მადრიდში დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: ანტონიო მაჩადო, პაბლო ნერუდა, ხუან რამონ ხიმენესი და სხვ. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მას კატალონიერ სიურეალისტ სალვადორ დალისთან და რეჟისორ ლუის ბუნუელთან. 1929, როგორც სტიპენდიანტი, ნიუ-იორკს გაემგზავრა. მისი იქაური ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია Poeta en Nueva York-ში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი "La Barranca". შემოიარეს მთელი ესპანეთი და შემდეგ იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში. სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების შემოქმედება. 1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. ლორკა აღზევებული მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო. 1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ.