უკრაინული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინული სამზარეულო — უკრაინულ კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირებული საკვების მომზადების დამახასიათებელი სტილი, პრაქტიკები და ტრადიციები. უკრაინული სამზარეულო მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა. თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინული სამზარეულო ერთგვაროვანია როგორც საკვები პროდუქტების ნაკრებით, ისე მათი დამუშავების საშუალებებით. უკრაინული სამზარეულოს ზოგიერთმა კერძმა, სხვა ხალხთა შორისაც ფართო გავრცელება ჰპოვა, განსაკუთრებით სლავურში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ სლავებში.
უკრაინულ სამზარეულოში მრავალი საკვები პროდუქტი რთულ თერმულ დამუშავებას გადის — თავდაპირველად მათ წვავენ ან ხარშავენ, შემდეგ კი შუშავენ ან ბრაწავენ. სწორეს ეს არის უკრაინული სამზარეულოს საკვების მომზადების განმასხვავებელი ტექნოლოგია. რთული თერმული დამუშავება საკვებს არომატს უნარჩუნებს და ყუათიანს ხდის. უკრაინული სამზარეულო ცნობილია მისი მრავალფეროვნებითა და მაღალი გემოვნებითი მახასიათებლებით. უკრაინული სამზარეულო კერძების ასობით რეცეპტს მოიცავს: ბორში და პამპუშკა, პალიანიცა და გალუშკები, სოკოს იუშკა (ბულიონი), სოკოს სოუსი, ბანუში, ვარენიკები და ძეხვი, თაფლისა და ხილისგან დამზადებული სასმელები და შემწვარი კერძები, რომლებიც ცნობილია უკრაინის საზღვრებს გარეთაც. ზოგიერთ კერძს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგალითად, უკრაინული ბორში. ჯერ კიდევ ტრიპოლის კულტურის დროს (5–6 ათასი წლის წინ), უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოჰყავდა მარცვლეული კულტურები — ხორბალი, ქერი და ფეტვი. ჭვავი გაცილებით გვიან გამოჩნდა, დაახლოებით ათასი წლის წინ. მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენებამ, ნადირობამ და თევზჭერამ უკრაინული სამზარეულოს მენიუ მრავალფეროვანი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნი დასაწყისში ხორცისგან დამზადებული კერძები ხალხში სადღესასწაულოდ მიიჩნეოდა.
უკრაინული ბორში | ალუბლის ვარენიკები | სირნიკები | ლორი გრენკებით |