უილსონის სომხეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
უილსონის სომხეთი (ინგლ. Wilsonian Armenia) ― სევრის ხელშეკრულების გაფორმებისას სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონისეული ხედვა[1]. პრეზიდენტის დეპარტამენტმა შეადგინა სომხეთის რუკა, რომლის მიხედვითაც მას უნდა გადასცემოდა ნახიჩევანი, ყარაბაღი და ე.წ. დასავლეთ სომხეთი. ეს საკითხი 1920 წლის აგვისტოში წამოიჭრა, როდესაც გამარჯვებული მხარე დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის მიწებს ინაწილებდა. უილსონის მიხედვით, სომხეთს უნდა გადასცემოდა ოსმალეთის ის ექვსი ვილაიეთი, სადაც სომხების გენოციდამდე ეთნიკური სომხები სახლობდნენ. უილსონისეული გეგმა სომხებს ვრცელ მიწებს აძლევდა და მისსავე დაქვემდებარებაში აქცევდა ქალაქ ტრაპიზონსა და მიმდებარე ზოლს, რითაც სომხეთი იღებდა შავ ზღვაზე გასასვლელს. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ელეფთერიოს ვენიზელოსმა ამ ადგილას პონტოს ბერძნული სახელმწიფოს შექმნა ითხოვა, თუმცა არასახარბიელო პოზიციის გამო იგი მალევე გახდებოდა კვლავ ოსმალეთის ნაწილი, ამიტომაც მისი სომხეთისთვის მიცემა არჩიეს.
მიუხედავად გეგმებისა, თურქეთის დამოუკიდებლობისათვის დაწყებულმა ომმა ათათურქის მეთაურობით გამოიწვია ის, რომ სევრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღვრები არასოდეს გავლებულა. 1920 წლის 2 ნოემბერს ხელი მოეწერა ალექსანდროპოლის ხელშეკრულებას, რომელმაც უარყო სევრის ხელშეკრულების მთლიანობა. მალევე მოხდა საბჭოთა კავშირის მიერ სომხეთის იძულებითი გასაბჭოება, რის გამოც სადავო ტერიტორიები კვლავ თურქეთს დარჩა.