უდაიპური
From Wikipedia, the free encyclopedia
უდაიპური (ინგლ. Udaipur) ― ქალაქი და მუნიციპალური კორპორაცია უდაიპურის რაიონში, რაჯასტანში, ინდოეთში.[1][2] ასევე ცნობილია როგორც „ტბათა ქალაქი“.[3] არის უდაიპურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მევარის სამეფოს ისტორიული დედაქალაქი. დაარსდა 1559 წელს, რაჯპუტების სისოდიას დინასტიის წარმომადგენლის, უდაი სინგჰი II-მიერ,,[4] რომელმაც დედაქალაქი ჩიტორგარჰიდან უდაიპურში გადაიტანა, მას შემდეგ, რაც ჩიტორგარჰს აქბარმა ალყა შემოარტყა. დედაქალაქის სტატუსი 1818 წლამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის ინდოეთის შტატი გახდა.[4] 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მევარის პროვინცია რაჯასტანის ნაწილი გახდა.[5]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
უდაიპური ინგლ. Udayapura | |
ქვეყანა | თარგი:ქვეყნის მონაცემები ინდოეთი, ბრიტანეთის ინდოეთი |
კოორდინატები | 24°35′00″ ჩ. გ. 73°41′00″ ა. გ. |
ფართობი | 37 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 600±1 მეტრი |
მოსახლეობა | 451 100 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 0294 |
საფოსტო ინდექსი | 313001 |
საავტომობილო კოდი | RJ-27 |
ოფიციალური საიტი | http://www.udaipurmc.org/ |
ქალაქი რაჯასტანის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, გუჯარათის საზღვრის მახლობლად.[1] გარშემორტყმულია არავალის ქედით, რომელიც მას თარის უდაბნოსგან გამოყოფს. უდაიპური დელიდან 660 კმ-ის, ხოლო მუმბაიდან 800 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გუჯარათის პორტებთან დაკავშირების გამო უდაიპურს სტრატეგიული გეოგრაფიული უპირატესობა აქვს.[6] უდაიპური გზებით, რკინიგზითა და საჰაერო გზებით უკავშირდება მახლობლად მდებარე ქალაქებსა და შტატებს. ქალაქს მაჰარანა პრატაპის აეროპორტი ემსახურება. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ჰინდიზე, ინგლისურსა და რაჯასტანულ ენაზე.
ბრიტანელმა მოხელემ, ჯეიმზ ტოდმა უდაიპურს „ინდოეთის კონტიტენტის ყველაზე რომანტიკური ადგილი“ უწოდა.[7] უდაიპური ტურისტული დანიშნულების ადგილია და ცნობილია თავისი ისტორიით, კულტურით, ლანდშაფტითა და რაჯპუტების ხანის სასახლეებით. ქალაქის ირგვლივ შვიდი ტბა მდებარეობს. ხუთი მთავარი ტბა: ფათეჰ-საგარის, პიჩოლის, სვარუუპ-საგარის, რანგსაგარისა და დუდჰ-ტალაის ტბა, ტბების კონსერვაციის ეროვნული გეგმის ნაწილია.[8] ქალაქში მდებარე ტბების გამო უდაიპურს ხშირად „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებენ.[9][10] ტბების გარდა უდაიპური ცნობილია ისტორიულ ფორტებითა და სასახლეებით, მუზეუმებით, გალერეებით, ბუნებრივი ძეგლებითა და ბაღებით, არქიტექტურული ტაძრებით, ისევე როგორც ტრადიციული ბაზრობებით, ფესტივალებითა და ნაგებობებით.[11] ქალაქის ეკონომიკაში წამყვანი დარგებია: ტურიზმი, მარმარილოს წარმოება, ქიმიური მრეწველობა და განვითარება, ელექტრონული მრეწველობა და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.[12] გარდა ამისა, უდაიპური მზარდი საგანმანათლებლო კერაა. ქალაქში 5 უნივერსიტეტი, 14 კოლეჯი და 160-ზე მეტი საშუალო სკოლა მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს უდაიპურის მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი.