From Wikipedia, the free encyclopedia
ტამილნადუ ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობე შტატია. ტამილნადუ თავდაპირველად გაერთიანებული მადრასის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ განსხვავებული ენების საფუძველზე მოგვიანებით პროვინციას გამოეყო. შტატს 4000 წელზე მეტი ხნის კულტურის ისტორია აქვს. ტამილნადუ ინდოეთის მასშტაბით ტაძრების არქიტექტურით, ცოცხალი მუსიკის, ცეკვის ტრადიციებისა და ხალხური და სახვითი ხელოვნების ნიმუშებითაა გამორჩეული. შტატი ცნობილია სატაძრო ქალაქებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ჩანჩქერებით, ეროვნულიპარკებით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ველური გარემოთი. შტატს ინდოეთის ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი წილი უკავია[1] და 16%-იანი ყოველწლიური ზრდით ხასიათდება.[2] 2015 წელს შიდა ტურისტთა რაოდენობა 333.5 მილიონი ტურისტი იყო, რამაც შტატი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილად აქცია, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ კი 4.68 მილიონს მიაღწია, რაც ასევე, უმაღლესია ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში.[3].
ჩენაი ადრე ცნობილი იყო როგორც მადრასი, ტამილნადუს შტატის დედაქალაქი და ინდოეთის სიდიდით მეოთხე მეტროპოლისია. ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით, ანტიკური ტამილური არქიტექტურით, ანგლო-ინდური არქიტექტურითა და კულტურული ფესტივალებით. ქალაქი ინდოეთის უდიდესი საშოფინგო ტურისტული დანიშნულების ადგილია.[4]
ჩენაი სიდიდით ინდოეთის მეოთხე ქალაქია და მსოფლიოს ორმოცდაათ უდიდეს ქალაქს შორისაა. ქალაქში აზიის უდიდესი საავადმყოფოები მდებარეობს, რომლებიც ბოლო პერიოდში გააქტიურებული სამედიცინო ტურიზმისთვის მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილებს წარმოადგენს.
კოიამპუტური ასევე მოიხსენიება როგორც ტექსტილის ან ბამბის ქალაქად. კოიამპუტური სიდიდით ტამილნადუს შტატის მეორე ქალაქია. მზარდი კომერციული მნიშვნელობის გამო ქალაქს ხშირად სამხრეთ ინდოეთის მანჩესტერს უწოდებენ.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მადურაი ტამილნადუს მესამე ქალაქია. მადურაის ხშირად უწოდებენ ქალაქ-ტაძარს, აღმოსავლეთის ათენს, ფესტივალების ქალაქს, ჟასმინის ქალაქსა და უძილო ქალაქს. მადურაი ტამილნადუს კულტურის მთავარი ცენტრია. ჩენაის შემდეგ ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი მადურაის სტუმრობს. მადურაის ტერიტორიაზე ცივილიზაციები უკვე 4000 წელია ცხოვრობენ.
შრი მეენაკშის ტაძარი მადურაიში მდებარეობს. ტაძარმა თანამედროვე სახე პანდიას დინასტიის დროს რეკონსტრუქციის შემდეგ მიიღო. ტაძარს 1000 სვეტოვანი დარბაზი, 14 კოშკი და გამორჩეული ხელოვნება, არქიტექტურა და მხატვრობა აქვს. სულ ცოტა 15 000 ტურისტი სტუმრობს ტაძარს რეგულარულად, როგორც ინდოელები, ისე უცხოელები.
ტჰირუმალაი ნაუაკის მაჰალი მეენაკშის ტაძრიდან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სასახლე ინდური ხელოვნებისა და არქიტექტურის გამოხატულებაა. სასახლეში 248 სვეტია, რომელთა სიმაღლეც 58 ფუტი, ხოლო დიამეტრი 5 ფუტია. სასახლის მხატვრობა XVI საუკუნის მხატვრობას ირეკლავს.
ტჰირუპარანკუნდრამის სამარხი ტჰირუარანკუნდრამის მთის მწვერვალზე მდებარეობს. სამარხს სხვადასხვა რწმენის ადამიანები სტუმრობენ,ძირითადად, მეზობელი შტატიდან, კერალადან. ტაძარი დილის 5 საათიდან საღამოს 9 სათამდეა ღია.
ტამილნადუს ტერიტორიაზე 34 000-მდე ინდუისტური ტაძარი მდებარეობს, რომელთა ნაწილიც რამდენიმე საუკუნის წინანდელია.[5]
კალუგუმალაი სამი მნიშვნელოვანი ტაძრისაგან შედგება: Kalugumalai Jain Beds - ტაძარი VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული კლდის რელიეფებითაა გამორჩეული. ქანდაკებებისა და წარწერების თარიღები პანდიას დინასტიის პერიოდს ემთხვევა. ძეგლს ტამილნადუს მთავრობის არქეოლოგიის დეპარტამენტი იცავს. Vettuvan Koil - VIII-IX საუკუნეებში აგებული ინდუისტური ტაძარია, ხოლო კალუგასალამოორთჰის ტაძარი ღვთაება მურგანისთვის მიძღვნილი მთავარი ტაძარი. ტაძარში ესთეტიკური ღირებულების მრავალი ძეგლი მდებარეობს და XVIII საუკუნით თარიღდება.[6][7]
აირგნარ ანნას ზოოლოგიური პარკი (აბრევიატურა AAZP), ასევე ცნობილია, როგორც ვანდალურის ზოოპარკი, ჩენაის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, ვანდალურში მდებარე ზოოლოგიური ბაღია. პარკი ქალაქის დაახლოებით 31 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო ჩენაის აეროპორტიდან 15 კმ-ით. 1300 აკრზე განლაგებული არიგნარის ზოოლოგიური პარკი ინდოეთის მასშტაბით ყველაზე დიდი ზოოპარკია. ზოოპარკის თავდაპირველი ვარიანტი 1855 წელს შეიქმნა და ინდოეთის პირველი ზოოპარკი იყო. პარკი ინდოეთის ცენტრალური ზოოპარკის ადმინისტრაციას ეკუთვნის. ზოოპარკის 1265 აკრზე ფლორის 2553 სახეობა გვხვდება. 2012 წლისთვის ზოოპარკში გარეულ ცხოველთა 1500 სახეობა იყო, მათგან 46 საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მიეკუთვნებოდა. 2010 წლისთვის პარკში დაახლოებით 47 სახეობის ძუძუმწოვარი, 63 სახეობის ფრინველი, 31 სახეობის რეპტილია, 5 სახეოობის ამფიბია, 25 სახეობის თევზი და 10 სახეობის მწერი ბინადრობდა.
მუდამალაი ითარგმნება როგორც ძველი მთების ჯაჭვი ნილგირის მთების ძირში მდებარეობს. ეროვნული პარკის უდაბლეს წერტილში მოიარის თვალწარმტაცი ჩანჩქერები მდებარეობს. პარკი საფრთხის ქვეშ მყოფი და დაუცველი არაერთი სახეობის სამკვიდროს წარმოადგენს, მათ შორის: ნილგირის თაჰრის, ინდური სპილოს, ვეფხვის, გაურის, მფრინავი ციყვის, ინდური სამბარის, ნილგირის ლანგურისა და ინდური ლეოპარდის. პარკი კერალასა და კარნატაკას შორის მდებარეობს და კარნატაკას ბანდიპურის ეროვნული პარკისგან მდინარე მოიარითაა გამოყოფილი.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.