სტოიციზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
სტოიციზმი (ბერძ. Στωικισμός, ლათ. Placita Stoicorum[1] ან ლათ. Stoicismus[2]) — ელინისტური ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ზენონ კიტიონელის (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) თაოსნობით შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში, ათენში. ასევე ზენონის სახელს უკავშირდება პირველი სტოიკური სკოლის ჩამოყალიბება. აღსანიშავია, რომ სტოიციზმი მოიაზრება ეთიკურ ფილოსოფიად, რომელიც აყალიბებს ლოგიკურ სისტემასა და გვთავაზობს სამყაროს ერთიანი შეხედულების მოდელს. სწავლების მიხედვით, ევდაიმონიისკენ (ბედნიერებისკენ) მიმავალი გზა ეხმარება ადამიანს თავი დაიცვას ავხორცობისა და შიშისგან, შეიმეცნოს სამყარო სრული სისავსითა და აღმოაჩინოს საკუთარი თავი ბუნებასთან მიმართებით.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სტოიციზმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სტოიციზმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სტოიკოსები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ „სიქველე ერთადერთი სიკეთეა“ ადამიანთათვის, ხოლო გარეშე ფაქტორები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ წარმოადგენენ თავისთავად კარგ, ან ცუდ ცნებებს, არამედ მათ გააჩნიათ ღირებულება სათნო ქმედებების მიმართებით. ღირებულებებს განვსაზღვრავთ სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომლებიც შეგვიძლია თავსებადი გავხადოთ სიქველესთან მიმართებით. არისტოტესეული ეთიკის პარალელურად, სტოიკური ტრადიცია წარმოადგენს სიქველის ეთიკის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. სტოიკოსების დაშვებით, დესტრუქციულ ემოციებს შეცდომაში შეჰყავთ განსჯა და მიაჩნდათ, რომ ადამიანებმა უნდა შეინარჩუნოს „ბუნებასთან შესაბამისი“ ნება. ამდენად მნიშვნელოვანია, არათუ რას ამბობს ადამიანი, არამედ როგორ მოქმედებს. თანმიმდევრული ცხოვრებისთვის კი ამასთანავე მნიშვნელოვანია ბუნებითი წესების შემეცნება, რადგან ისინი წარმოადგენენ ყოველთა საფუძველს.
მრავალი სტოიკოსი, მაგალითად სენეკა და ეპიქტეტე - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სიქველე) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციური მდგრადობის მომნიჭებელია. ხსენებული ხედვა თავსებადია ფრაზასთან - „სტოიცისტური სიმშვიდე“, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურ სტოიკურ ეთიკურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი.
სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროებში, ძვ. წ. III საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს ავრელიუსი, ხოლო უარყოფილ იქნა ქრისტიანობასთან ერთად, IV საუკუნეში. მას შემდეგ სტოიციზმი ისტორიულად აღორძინდა რენესანსისა (ნეოსტოიციზმისა) და თანამედროვე ფილოსოფიის (თანამედროვე სტოიციზმის) ეპოქებში.