From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია შარლოტა ჰანოვერელი (გერმ. Sophie Charlotte von Hannover; დ. 30 ოქტომბერი, 1668, ჰანოვერი, გერმანია — გ. 1 თებერვალი, 1705, ჰანოვერი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ჰანოვერის კურფიურსტ ერნესტ ავგუსტისა და დედოფალ სოფია პფალცელის ასული. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის და. პრუსიის დედოფალი 1688-1705 წლებში როგორც მეფე ფრიდრიხ I-ის მეუღლე. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის დედა.
სოფია შარლოტა ჰანოვერელი | |
---|---|
პრუსიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 აპრილი, 1688 |
მმართ. დასასრული: | 1 თებერვალი, 1705 |
წინამორბედი: | სოფია დოროთეა ჰოლშტაინელი (როგორც ჰერცოგინია) |
მემკვიდრე: | სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 ოქტომბერი, 1668 |
დაბ. ადგილი: | ჰანოვერი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1705, (36 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰანოვერი, გერმანია |
მეუღლე: | ფრიდრიხ I, პრუსიის მეფე |
შვილები: | ფრიდრიხ ვილჰელმ I, პრუსიის მეფე |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | ერნესტ ავგუსტი, ჰანოვერის კურფიურსტი |
დედა: | სოფია პფალცელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
სოფია შარლოტა დაიბადა 1668 წლის 30 ოქტომბერს ჰანოვერში. იგი იყო ჰანოვერის კურფიურსტ ერნესტ ავგუსტისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია პფალცელის შვიდი შვილიდან ერთადერთი ქალიშვილი. ბავშვობაში იგი რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთში, ვერსალის სამეფო კარზე ცხოვრობდა, რადგან დედამისი იმედოვნებდა, რომ იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ვაჟზე, დოფინ ლუი დე ბურბონზე დაქორწინდებოდა, თუმცა სოფია შარლოტა უკან დააბრუნეს და დოფინი მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე დააქორწინეს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი პრუსიაში გათხოვება.
1684 წლის 8 ოქტომბერს სოფია შარლოტა ცოლად შერთეს პრუსიის პრინც ფრიდრიხ ჰოენცოლერნს. 1688 წლიდან მისი ქმარი ბრანდენბურგის კურფიურსტი და პრუსიის ჰერცოგი გახდა, რის შემდეგაც სოფია შარლოტასაც მისი ეკვივალენტური წოდებები მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ მან სულ ორი ვაჟი გააჩინა, თუმცა ერთი მალევე დაიღუპა, ამიტომაც პრინცი ფრიდრიხ ვილჰელმი მათ დედისერთა შვილად მოიაზრება.
სოფიასა და ფრიდრიხის სასახლე შესაძლოა ითქვას, რომ ვერსალის იმიტაციას წარმოადგენდა, სადაც ლუი XIV-ის მსგავსად ფრიდრიხმაც გაიჩინა საყვარელი კათარინა რიკერტის სახით, თუმცა მისდამი გრძნობები არ ჰქონია და ცოლს მალევე დაუბრუნდა.
სოფია შარლოტა აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და 1697 წელს თავის ქმარს პრემიერ-მინისტრი ებერჰარდ ფონ დანკელმანიც კი მოახსნევინა. ამის პარალელურად იგი ზრუნავდა პრუსიული სასახლეების გარემონტება-რეკონსტრუქციაზე. ბერლინის დასავლეთით, ლაიცოუს მამულებში მან პომპეზური, ბაროკოს სტილის საზაფხულო რეზიდენცია მოიწყო. ამ სასახლეში მის ქმარს მხოლოდ ნებართვის აღების შემთხვევაში ჰქონდა მისვლის უფლება. ასეთი გამონაკლისი დაიშვა 1699 წელს, მისსავე დაბადების დღეზე. 1700 წლიდან იგი ფაქტობრივად ლაიცოუში გადასახლდა, რის გამოც ამ ადგილს სახელი გადაერქვა და შარლოტენბურგის სასახლე ეწოდა.
1701 წელს მისი გავლენით ფრიდრიხმა პრუსია და ბრანდენბურგი გააერთიანა და შექმნა პრუსიის სამეფო, რომლის პირველი მეფე თავად, დედოფალი კი სოფია შარლოტა გახდა. იგი დახასიათებულია როგორც მზრუნველი დედა, ერთგული მეუღლე და კარგი მეგობარი. გერმანულის გარდა, იგი თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე. დედის მაგალითით მან გარს ფილოსოფოსებისა და ღვთისმეტყველთა წრე შემოიკრიბა.
სოფია შარლოტა პრუსიაში ხელოვნების უდიდესი მფარველი იყო. მის დროს ქვეყანაში ბაროკომ შეაღწია, იქმნებოდა ახალი პორტრეტები და შენდებოდა ოპერები. პრუსიის სამეფო სასახლე იმდენად დიდებული იყო, რომ როდესაც 1697 წელს მათ რუსეთის იმპერატორი პეტრე I ეწვიათ გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო.
1705 წელს დედოფალი სოფია შარლოტა დედას ეწვია ჰანოვერში, რა როსაც მას პნევმონია შეეყარა და იქვე, იმავე წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.