From Wikipedia, the free encyclopedia
სინგაპურის ეკონომიკა მაღალგანვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა დირიჯიზმის მახასიათებლებით.[1][2][3][4] სინგაპურს დაბალი საგადასახადო პოლიტიკა აქვს[5] და მსოფლიოში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად). აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შტაბ-ბინა სინგაპურში მდებარეობს.
სინგაპური შუავაჭრობისა და Entrepôt კონცეფციებს ემყარება.[6][7] იგი ნედლეულს იძენს და რეფინირების შემდეგ რეექსპორტზე გააქვს ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის მაღალი დონის შენარჩუნებისთვის. სინგაპურს სტრატეგიული პორტი აქვს და ბევრ მეზობელ სახელმწიფოზე უფრო კონკურენტუნარიანია Entrepôt საქმიანობების განხორიცელების მხრივ. სინგაპური ერთ-ერთი მოწინავეა გლობალიზაციის ინდექსით, რომელიც 2020 წლისთვის 320%-ს უდრიდა.[8][9] სინგაპურის პორტი ტვირთის ტონაჟით მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირტული პორტია.[10]
სინგაპურში ვითარდება ბიოტექნოლოგიების მრეწველობა. ამ სექტორში მილიონობით დონარის ინვესტიცია ჩაიდო შესაბამისი ინფრასტრუქტურის ასაგებად, კვლევების დასაფინანსებლად და საერთაშორისო დონის მეცნიერების მოსაზიდად. სინგაპურში ისეთი მოწინავე ინსტიტუტების ქარხნებია განლაგებული, როგორებიცაა: GlaxoSmithKline (GSK), Pfizer და Merck & Co. 2006 წელს პედიატრიული ვაქცინების მწარმოებელი ქარხნის ასაგებად, რომელიც პირველი მსგავსი დაწესებულებაა აზიის მასშტაბით, GSK-მ 300 მილიონი სინგაპურული დოლარი გამოყო.[11] სინგაპურში მრეწველობის 8% ფარმაცევტული საშუალებების წარმოებაზე მოდის.[12] 2022 წელს სინგაპურის ბიოფარმულმა მრეწველობამ 18 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ბოლო ორ ათწლეულში გასამმაგებული მაჩვენებელია.[13]
სინგაპურის მთავრობა ქვეყნის მიწის 90%-ს ფლობს, ისევე როგორც, საცხოვრებლებს, რომლებშიც სინგაპურს მოსახლეობის 80% ცხოვრობს.[14] 2022 წლის ივლისში Savills-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით სინგაპურსა და ნიუ-იორკში მდიდრული სახლების დაქირავება ყველაზე ძვირია.[15][16]
ტურიზმი სინგაპურის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.[17][18]
2014 წელს სინგაპურის ვაჭრობის ჯამური ღირებულება 982 მილიარდ სინგაპურულ დოლარს გაუტოლდა. მიუხედავად მცირე ზომისა, ამჟამად სინგაპური აშშ-ის მე-15 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.[19] 2014 წელს სინგაპურის იმპორტის მოცულობა 464 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 519 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. სინგაპურისთვის იმპორტის მთავარი წყარო, ისევე, როგორც მთავარი საექსპორტო ბაზარი, მალაიზიაა.[20]
სინგაპურის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მალაიზიაა. 2012 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ღირებულება 91 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შიგნით ვაჭრობის მეხუთედზე მეტი იყო. 2012 წელს სინგაპურის ვაჭრობა ჩინეთთან, ინდონეზიასთან და სამხრეთ კორეასთან გაიზარდა, ხოლო ევროპის კავშირთან, აშშ-სთან, ჰონგ-კონგთან და იაპონიასთან შემცირდა. 2009 წლიდან სინგაპურიდან ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელმა იმპორტის მაჩვენებელს გადაასწრო. 2006 წლიდან აშშ-დან იმპორტის მაჩვენებელი აღემატება სინგაპურიდან აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელს.[21][22]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სინგაპურს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის პირველ ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 64 041.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.42%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 4.6%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 3.8%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.7%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით სინგაპური მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მეორე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― მე-15, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 23-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 1-ელი, გამჭვირვალობით ― მე-3, საკუთრების უფლებებით ― მე-2, კორპორატიული მმართველობით ― მე-2, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-8.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით სინგაპურს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის პირველ ადგილზეა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 1-ელი, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით სინგაპური მე-5 ადგილს იკავებს. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 38-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.5%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 99.5-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით სინგაპური მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჰონგ-კონგს ჩამორჩება: შიდა კონკურენციით მე-2 ადგილს იკავებს (ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰონგ-კონგი უსწრებს), ხოლო ვაჭრობის ღიაობით პირველია.; შრომის ბაზრის მიხედვით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს: მოქნილობის ინდექსით პირველია, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-5.
სინგაპურში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა. ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰონგ-კონგს ჩამორჩება: სიღრმით მე-2, ხოლო სტაბილურობით მე-3 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 27-ე ადგილს იკავებს. სინგაპურში ძალიან კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-14 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-16-ს.[23]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.