საფო
From Wikipedia, the free encyclopedia
საფო (ძვ. ბერძ. Σαπφώ) — ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დაიბადა. ისტორიულ წყაროებში მისი სახელი სწორედ კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მიტილენთან ასოცირდება. იგი ძვ. წ. დაახლოებით 630-სა და 612 წლებს შორის დაიბადა და დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს გარდაიცვალა. საფო იყო ძველი ბერძნული ლირიკის უპირველესი პოეტი ქალი, საფოს "მეათე მუზას" უწოდებდა პლატონი, ძველი მოაზროვნეები მასზე წერდნენ: " ... ჩვენ არ მოგვეპოვება სხვა პოეტესა, რომელიც მცირეოდენ მაინც გაუტოლდება საფოს თავისი მშვენიერებით"(სტრაბონი). საფოს ცხოვრების შესახებ ცნობები მოიპოვება ისეთ ცნობილ ავტორებთან, როგორებიცაა: ჰეროდოტოსი, სტრაბონი, ოვიდიუსი, ათენეოსი, ჰიმერიოსი და სხვა. 1922 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიოგრაფია შედგენილია ქამელეონის თხუზულების მიხედვით. საფოს ცხოვრების აქ წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში დადასტურებული ბიოგრაფიისა. ამ ცნობათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ საფო დაიბადა კუნძულ ლესბოსის ქალაქ ერესოში, თუმცა მთელი ცხოვება ქალაქ მიტილენეში გაატარა. იგი ტირან პიტიკოსისა და პოეტ ალკეოსის თანამედროვე იყო (ეს უკანასკნელი საფოზე შეყვარებულიც ყოფილა და ლექსებს უძღვნიდა მას). "პაროსის ქრონიკა" გვამცნობს, რომ არისტოკრატთა დევნის დროს საფო მიტილენედან სიციალიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი წარჩინებული ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. საფოს ლექსებში არ ჩანს სამოქალაქო ბრძოლის შეფასება, მკვლევართა აზრით, იგი უნდა გაყოლოდა ქმარს, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი პიროვნება და შესაბამისად ტირანის რისხვა მასაც შეეხო.ცნობილია, რომ ძვ.წ 580 წლის მახლობელ ხანებში პიტიკოსმა ამნისტია გამოაცხადა. საფოც ამ პერიოდში უნდა დაბრუნებულიყო მიტილენეში.