რეიკსმუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
რეიკსმუზეუმი ― ნიდერლანდების ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი ამსტერდამში.[2] მუზეუმი მდებარეობს ამსტერდამ-ზეიდის ოლქში, მუზეუმის მოედანზე, ვან გოგის მუზეუმის, კონსერტგებაუსა და სტედელეიკის მუზეუმის სიახლოვეს.[3]
რეიკსმუზეუმი დაარსდა 1798 წლის 19 ნოემბერს ჰააგაში, 1808 წელს კი ამსტერდამში გადაიტანეს, სადაც თავდაპირველად სამეფო სასახლეში, შემდეგ კი ტრიპენჰეისში მდებარეობდა.[4] მუზეუმის ამჟამინდელი მთავარი შენობა პიერ კეიპერსის დაპროექტებულია და პირველად 1885 წელს გაიხსნა. 2013 წლის 13 აპრილს, 10 წლიანი რესტავრაციის შემდეგ, რომელიც 375 მილიონი ევრო დაჯდა, მთავარი შენობა დედოფალმა ბეატრიქსმა გახსნა.[5][6][7] 2013 და 2014 წლებში რეიკსმუზეუმს 2.2 და 2.47 მილიონი დამთვალიერებელი ესტუმრა და ნიდერლანდების ყველაზე მონახულებადი მუზეუმი იყო.[8][9] რეიკსმუზეუმი ნიდერლანდების უდიდესი სამხატვრო მუზეუმია.
მუზეუმის კოლექციაში 1200-2000 წლებში შექმნილი მილიონი ექსპონატი შედის, რომელთა შორისაა რემბრანდტის, ფრანს ჰალსისა და იან ვერმეერის ნამუშევრებიც. მუზეუმში ხელოვნებისა და ისტორიის 8 000-მდე ექსპონატია გამოფენილი. რეიკსმუზეუმში დაცულია მცირე აზიური კოლექციაც, რომელიც აზიურ პავილიონშია გამოფენილი.