პეპტიკური წყლული
From Wikipedia, the free encyclopedia
პეპტიკური წყლული — პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.
- პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
- წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
- დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
- ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.
წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.
წყლულის დასახელება ასახავს მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.